„ილია-ევროპელი“ – საგანმანათლებლო გამოფენა ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი – „ილია ევროპელი“ – იქნა წარმოდგენილი. გამოფენა სამი დღე გრძელდებოდა და სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
როგორც ისტორიკოსმა, ნესტან ბაგიურმა აღნიშნა, “ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან სალექციო შეხვედრა “ილია – ევროპელი” საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემთვის – განათლებულები, პოლემიკისთვის მოწოდებულები, კრიტიკულები და თავისუფლები.
მადლობა უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ასეთი მასპინძლობისთვის”
გვესაუბრება, რევაზ კლდიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის გამგე, დავით კლდიაშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი პროზასა და დრამატურგიაში:
– ბევრ პროფესორს ვიცნობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელთაც უნახავთ ჩემი პიესები და როცა ვარჩევდით ნანახს, ისეთი შენიშვნები და შეფასებები აქვთ, რომელიც ბევრ ჟურნალისტსა და თეატრმცოდნეს შეშურდება. ტექნიკური აზროვნება, ზოგადად, ძალიან საინტერესოა და ამიტომ დიდი სიამოვნებაა მათთან ურთიერთობა. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი გაბისონიამ მთხოვა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროექტი-გამოფენა – „ილია-ევროპელი“ სტუ-ში წარმოგვედგინა. ეს რიგით მეორე გამოფენაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა. პირველი გამოფენა ერთი წლის წინ ჩატარდა ქიმიის ფაკულტეტზე, სადაც ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსი იყო წარმოდგენილი და, რაც მთავარია, გამოიფინა ჯრუჭის სახარების მულაჟი. სამი დღე გრძელდებოდა ეს გამოფენა და პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების „ნიაღვარი“ მოვიდა დასათვალიერებლად.
“ილია-ევროპელს“ როგორ შეხვდა სტუდენტობა?
– დავბერდი და თურმე ილიას არ ვიცნობდი. ეს საგანმანათლებლო პროგრამა ილიას სხვანაირად წარმოგვიჩენს და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.
– რას მოიცავს ეს პროგრამა?
– ბანერებზე და ფოტოებზე წარმოდგენილია ილიას გზა. ილია, როგორც ბანკის დამაარსებელი, ილია როგორც „ივერიის“ რედაქტორი. ილიას დამოკიდებულება ევროპისა თუ რუსეთისადმი. აქ არის წამოდგენილი ილიას ხელნაწერები, მისი წერილები. ილიას უბის წიგნაკიდან ამონაწერები. გამოფენის შემდეგ შედგა ლექცია, რომელიც ისტორიკოსმა, ნესტან ბაგაურმა ჩაატარა. უამრავი სტუდენტი დაესწრო ლექციას, ვერ წარმოიდგენთ როგორი ინტერესი გამოხატეს სტუდენტებმა, დაისვა ბევრი შეკითხვა. რაც მთავარია, ამით არ დახურულა თემა. ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაალ აბაშიძემ გამოთქვა სურვილი, მემორანდუმი გაფორმდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კერძოდ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან, შემდგომი თანამშრომლობის გასამყარებლად. თემები ძალიან საინტერესოა. თბილისის შუაგულში დევს განძი – საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომლის საცავებშიც ინახება ჩვენი სულიერება, ჩვენი წარსული.
– კიდევ ხომ არ იგეგმება გამოფენა?
– დიახ, გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უნიკალური ეგვიპტური რეცეპტები. ჩვენთან, ქიმიის ფაკულტეტზე არის ფარმაციის მიმართულება და რასაკვირველია, ამ მიმართულებით ლექცია ჩატარდება და ჩვენ ძალიან საინტერესო მასალას გამოვიტანთ, როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ხომ საინტერესოა, როგორი იყო ძველი ეგვიპტური მედიცინა? დღეს სხვა დრო დადგა, სხვა კუთხით უნდა დავანახოთ სტუდენტს ჩვენი ქვეყანა. ქართველმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ „გუშინდელი“ ერი, ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი წარსულით და მუდმივად განვვითარდეთ, წავიდეთ წინ.

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომელზეც სუს-ის ანგარიშშია საუბარი – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიამთავრობის ეს გადაწყვეტილება არის შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნება