ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტთან მილოშ ვისტრჩილთან (Miloš Vystrčil), რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორმხრივი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს და ჩეხეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტები, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ინტენსიური ხასიათი შეიძინა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრმა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესის თაობაზე. ევროკავშირში სამომავლო თავმჯდომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებით აღინიშნა ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი.

მინისტრმა და სენატის პრეზიდენტმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით უსაფრთხოების რთულ გარემოზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების შემდგომი დეესკალაციისთვის.

მინისტრმა ჩეხურ მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ხელშეწყობას, მათ შორის, ჩეხეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში.

საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის მიმდინარე სექტორული თანამშრომლობის დინამიკა და მიესალმნენ ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვას, ასევე ჩეხური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს, რომლებიც სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად იმართება.

წინა სტატიაშიოდესის ოლქში მასშტაბური ხანძარია
შემდეგი სტატიაუნგრეთმა „ყალბი ამბები“ უწოდა დანილოვის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა ბუდაპეშტი უკრაინაში შეჭრის განზრახვის შესახებ