მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორები მდგომარეობას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს რეგიონი მალე აყვავდება.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სულ მალე მთიანი ყარაბაღის ყველა დასახლებულ პუნქტში აზერბაიჯანის დროშა აღიმართება.
ხოჯალის აეროპორტიდან ეთნიკური სომხები ერევანსა და რუსეთში მიფრინავენ, მათი ნაწილი კი რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბთან შეიკრიბა და ვერტმფრენით ევაკუაციას ითხოვს.
ილჰამ ალიევი ერისადმი მიმართვისთვის ემზადება, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე კი ავრცელებს განცხადებას, რომ ქალაქ ევლახში აზერბაიჯანული მხარე მზადაა შეხვდეს ეთნიკური სომხების წარმომადგენლებს და მათი რეინტეგრაციის საკითხი განიხილოს.
ამავდროულად, ისიც საინტერესოა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა ვოლოდინმა “აზერბაიჯანის შიდასახელმწიფოებრივი საქმე” უწოდა ბაქოს მიერ მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას.