იყო დრო ქართულ ფულს “გუციკოები” დაარქვეს, – თეა წულუკიანის პასუხი რომან გოცირიძეს

ჩემი დაცინვა გინდოდათ და დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.

„რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, მე არ ვიცი რატომ უნდა მოვიხადო თქვენ მაგივრად ბოდიში, მაგრამ თქვენ ოპოზიცია ხართ, მე ხელისუფლება და ალბათ განვმარტავ ამას, რომ ეს არ იყო ყაზახი ხალხის დაცინვა, უბრალოდ ჩემი დაცინვა გინდოდათ და დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს. იუსტიციის სამინისტროსო, გაიქილიკა ბატონმა რომანმა. თან თქვენ რომ იცოდეთ, მე როგორ დიდ პატივს გცემთ, ასე არ მომექცეოდით, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე ბატონო რომან. თქვენ ბრძანეთ, ხომ არ მივბაძოთ ნაზარბაევს, ნურსულთანი რომ დაარქვა ასტანას, იუსტიციის სამინისტროსაც დავარქვათ თეაო. მე არ ვიცი ახლა ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ, კაცია და გუნება, ვფიქრობ, რომ არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ, გააკეთეთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ იცით, რა არის ბატონო რომან, ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა ამან და არ ვიცი, თუ არ გეწყინებათ გეტყვით. ჩვენ გვქონდა წარსულში დრო, მე როდესაც ბავშვი ვიყავი, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და „გოციკოები“ დაარქვეს და არ ვიცი, რამდენად კარგი აზრია. ცოტაც გავიცინოთ, ხომ შეიძლება?“

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო მოსმენისას რომან გოცირიძემ უმრავლესობას იდეა შესთავაზა:

“ყაზახეთმა გადაარქვა თავისი სახელი ქალაქ ასტანას და უწოდა ნურსულთანი გამომდინარე იქედან, რომ ის ადამიანი 30 წელი უმწიკვლოდ ემსახურა თავის სამშობლოს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს თავბრუდამხვევი წარმატებებისა. იქნებ, იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ – თეა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის მხრიდან გახშირებულ კრიტიკასა და უსაფუძვლო თავდასხმებს თქვენს მიმართ და გკითხოთ, როგორ ახერხებთ მათთან ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ და გაუღიმოთ ისედაც შოკში მყოფ, წინა რიგებში მსხდომ ჩვენს ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე „მეკუპონეს“, – ჰკითხა თეა წულუკიანს კობა ლურსმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე იუსტიციის სამინისტროსთვის “თეას” დარქმევის ინიციატივით გამოდის – რას პასუხობს წულუკიანი?
შემდეგი სტატია“არ მივიჩნევ, რომ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა”- წულუკიანი