“ცვლილებები მონდომებით მიიღწევა და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური კლასი ქართულ რეალობაში”, – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიების ‘ერთიანობა პასუხობს ხალხს” ფარგლებში კოალიციის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია და „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დიაროვი ახალგაზრდების კითხვებს პასუხობენ. შეკითხვაზე, როგორ უნდა დაიმკვიდრონ თავი ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდებმა, იგორ ნარმანიამ უპასუხა:
“ძალიან ბევრჯერ გაგვიგონია ყველას, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე და თუ ბინძური ადამიანები აკეთებენ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ბინძური იქნება ნებისმიერი საქმე. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ის მიდგომები, რაც ქართულ პოლიტიკაში არსებობს. შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს ქართული პოლიტიკური კლასი, მაგრამ უნდა ავიღოთ ინიციატივა. მათ შორის ძალიან ბევრ სხვა ოპოზიციურ პარტიაში, პატარა პარტიებშიც შეიძლება რესურსის, ადგილის მონახვა, რათა დავიმკვიდროთ თავი, თუმცა, თქვენ იცით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა დღეს არის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს პოლიტიკაში.
თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი დაკავშირებულია ევროკავშირთან და თუ საქართველო სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი, პოლიტიკური ცხოვრება გახდება ბევრად უფრო მიმზიდველი. ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკა არის მეორე სპეციალობა, ჰობი. ხშირად ვიძახით, რომ პოლიტიკური კლასი დაცლილია კონკრეტული განათლებისგან, კონკრეტული უნარებისგან. არანაირად არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება სპორტთან, მაგრამ მაგალითად, როდესაც თბილისის მერი არის კახა კალაძე, რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია გარდა ბურთის დევნისა, ვხედავთ, როგორ აკეთებს საქმეს და კორუფციისკენაა მიდრეკილი. ამიტომ, როცა პოლიტიკური კლასი მიდრეკილია კორუფციისკენ, რა თქმა უნდა, ეს სივრცე არავისთვის არ არის მიმზიდველი, გარდა თვითონ იმისა, ვინც კორუფციით ცხოვრობს. იმის განმაპირობებელი, რომ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში გახდეს მიმზიდველი, არის თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი უწყებები, სისტემა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ადამიანის დევნაზე.
დღეს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა საკუთარ თავს ვერ იპოვის, მაგალითად, მმართველ პარტიაში, რადგანაც დასაქმების ადგილი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ეს სამსახური რეალურად, ქვეყნის უსაფრთხოებას კი არ იცავს, ჩვენ დაგვდევს და, შესაძლოა, ახლა უყურებს კიდეც ამ ეთერს და იმის ამოცნობაზეა ორიენტირებული, ვინ ვისი შვილია, სად მუშაობენ მშობლები, იქნებ რამენაირად დავაშინოთ, რომ მათი შვილები ასე აქტიურად არ იყვნენ ჩართულები… მესმის ეს პრობლემები, მაგრამ იმიტომ ვართ და ხართ ჩართულები ამ ბრძოლაში, რომ გაბედულები და ცვლილებებზე ორიენტირებულები ვართ, ხოლო ცვლილებები გარდაუვალია მონდომებით და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური კლასი ქართულ რეალობაში”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ.



















