იგორ ნარმანია: არ შეიძლება, აქ მყოფი ადამიანი იტანდეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი სახელით უხდიდეს ბოდიშს ოკუპანტებს

“დღეს იმდენი გააკეთა ქართული ოცნების რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო ქარდებით გველაპარაკება, რომ მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს: ჩვენ ვირჩევთ გზას ევროპისკენ ან სამუდამოდ ვრჩებით რუსეთში”, – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე იგორ ნარმანია

“მე ვიტყვი და ამაყი ვარ იმით რომ ბევრ ჩემს თანამებრძოლს ვხედავ აქ . თქვენ ხართ ჩემი თანამებრძოლები, მე ვარ თქვენი თანამებრძოლი და ამ ბრძოლას აქვს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გააზრებული და შესისხლხორცებული. ამიტომ, 26 ოქტომბერი არ არის მხოლოდ არჩევნები, ისეთი, როგორიც იყო 2020 ან 2016 წლებში. დღეს იმდენი გააკეთა ქართული ოცნების რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო ქარდებით გველაპარაკება, რომ მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს.

ჩვენ ვირჩევთ გზას ევროპისკენ ან სამუდამოდ ვრჩებით რუსეთში. ძალიან კარგად და მკაფიოდ მინდა გავაგონო ხმა ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ქართული ოცნების სხვა მესვეურებს: თუ მათი შვილები სწავლობენ ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში, აქედან არცერთი ჩვენგანი არ აპირებს ნიჟნი ნოვგოროდსა და მოსკოვში გააგრძელოს სწავლა. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ 26 ოქტომბერი თითოეული ჩვენგანისთვის არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის და ამ არჩევნებში აუცილებლად გამარჯვებას ვაპირებთ, თითოეული თქვენგანის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი.
დღეს ბიძინა ივანიშვილი საუბრობს ოჯახის სიწმინდეზე და ისე გააკეთა, რომ ოჯახის წევრები დააშორა ერთმანეთს. ჩვენი მშობლების თაობა, ძალიან ბევრი ჩვენგანის მშობელი, მათ შორის დედაჩემი, ბევრი თქვენგანის დედა ან მამა არის წასული ემიგრაციაში იმისთვის, რომ ჩვენი ელემენტარული ცხოვრება უზრუნველყონ, ელემენტარული, ბინის ქირა, სწავლის ქირა უზრუნველყონ. თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს 26 ოქტომბრის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც ჩვენ დაჩქარებული წესით გავხდებით ევროკავშირის წევრები.

არ შეიძლება, აქ მყოფი ადამიანი იტანდეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი სახელით უხდიდეს ბოდიშს ოკუპანტებს, იმიტომ რომ 2008 წელს ჩვენ კარგად დავინახეთ, რა გააკეთა ოკუპანტმა. თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გააზრებული, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. კატეგორიულად მინდა ვუთხრა აქედან ბიძინა ივანიშვილს; არცერთი ჩვენგანი არ აპირებს რეჟიმისთვის, ოკუპანტებისთვის, სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას. ჩვენი თანატოლები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. მაგალითად, რეგიონებიდან 35.000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა წელს სხვადასხვა სასწავლებელში, მაგრამ ამ ახალგაზრდებს არა აქვთ სწავლის გაგრძელების საშუალება, რადგან არა აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ ბინის ქირა, რადგანაც, ქართული ოცნების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო, ბინის ქირა ორჯერ და სამჯერაა გაძვირებული.

ჩვენ ვიცით, რომ არცერთი უმაღლესის სასწავლებელი არ უზრუნველყოფს თავისი სტუდენტების დაბინავებას, ვიცით, რომ თსუ-ს 7 ფაკულტეტზე სწავლობს 22.000 სტუდენტი და სასწავლებელს მხოლოდ 600 სტუდენტის ბინით უზრუნველყოფა შეუძლია, ეს არის კატასტროფა. ტექნიკურ უნივერსიტეტშიც დაახლოებით ამდენი სტუდენტი ჰყავთ, მაგრამ საერთოდ არა აქვთ საერთო საცხოვრებელი, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ მათ გამოუყო ტერიტორია, რათა კამპუსი აეშენებინათ. სწორედ ეს რეალობა უნდა შეიცვალოს, სწორედ ჩვენ უნდა გავხდეთ ხიდი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს არიან ემიგრაციაში.

მესმის, რომ არ არის მარტივი პასუხისმგებლობა, იყო ამ ბრძოლაში, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს კარგად გვაქვს გააზრებული ამ არჩევნების მნიშვნელობა”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ იგორ ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშილევან სანიკიძე: ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება ის თავისუფლება
შემდეგი სტატიაიგორ ნარმანია: “ცვლილებები მონდომებით მიიღწევა და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური კლასი ქართულ რეალობაში”