იგეგმება ეკონომიკური ზონის ამოქმედება სოფელ რუხთან

პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივაში ძალიან ბევრი სიახლე და სასარგებლო შეთავაზებაა, – განაცხადა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მისი თქმით, ინიციატივა ასევე გულისხმობს ბიზნესინიციატივების წახალისებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კომპონენტით, რაც გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკური ზონის შექმნას გულისხმობს.

„პირველ რიგში, ასეთი ზონის ამოქმედება იგეგმება რუხთან, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. თუმცა იმ ამოცანის პარალელურად, რომ გადაადგილების თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი, სხვადასხვა კომპონენტის ამოქმედება სხვა მონაკვეთებზეც განიხილება. მაგალითად, ამ სივრცის ერთ–ერთი ასეთი კომპონენტი ავტომობილების ბაზრობის განთავსებაა, რაც ზუსტად ვიცი, რომ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინტერესია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტის გარდა, რომელიც განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნა, შემუშავებულია ორი კონცეპტუალური დოკუმენტი, ერთი ვაჭრობაზე, მეორე კი განათლების გაფართოებულ შესაძლებლობებზე.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ პირობებში, როცა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ორივე მხარის მცხოვრებლებს მუდმივად პრობლემები აქვთ, როგორ აპირებს სახელმწიფო იმ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებიც ახალ ინიციატივაში ჩაერთვებიან, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის თანმიმდევრული და მწყობრი მოქმედებებია საჭირო.

„ამ გამოწვევებთან დაპირისპირება პოლიტიკური, სამართლებრივი, დიპლომატიური ინსტრუმენტებითა და მთავრობის მიერ დღეს ინიცირებული ნაბიჯებითაა შესაძლებელი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიერგნეთის ბაზრობას მნიშვნელოვანი სამშვიდობო ეფექტი ჰქონდა
შემდეგი სტატიაარაოფიციალური ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა