იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს – მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან

მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს, – ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი ახლო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვარიდებთ თავს რთულ დისკუსიებს. ბოლო პოლიტიკური მოვლენები საქართველოში შემაშფოთებელია და ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში.

ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დაძლევას დიალოგის გზით და აარიდებს თავს განხეთქილების რიტორიკას და ქმედებებს.

ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 „ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ბრძანდებით ბრიუსელში, კარგად იცნობთ და ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ კვლავ გიხილოთ ჩვენთან. საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს – პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა, ავღანეთი ჩვენი ძალისხმევით არასოდეს აღარ გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისი. მადლობლები ვართ საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისათვის ამ მიმართულებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი გააგრძელებს საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.

„დღევანდელ შეხვედრაზე და მომდევნო შეხვედრაზე, ნატო-საქართველოს კომისიის, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, როგორც გასულ წელს იყო განახლებული. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. იგი საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტურ თანამშრომლობაში დ ნატოში გაწევრიანების მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ ნატოს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა იის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

banner
წინა სტატიაშიმარტვილის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ბოლო პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია