იენს სტოლტენბერგი: რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს საზღვრების დარღვევას

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„უელსის სამიტის დროს შევთანხმდით, რომ საქართველოს მხარდასაჭერად არსებითი პაკეტი გადაეცემოდა. ამ ეტაპზე პაკეტის ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. თბილისში ნატოელი და ქართველი ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს.
დღეს კი მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და შევთანხმდებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატომ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ვისაუბრებთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას.
მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ახორციელებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რათა გაუმჯობესდეს მისი უსაფრთხოება და ეს მას ნატოში გაწევრიანებასთან დაახლოებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ დაინტერესებულები ვართ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე ციხისძირში მომხდარ ფაქტს პროვოკაციად აფასებს