იენს სტოლტენბერგი: რეფორმების გაგრძელება არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე

საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მივესალმები ამერიკის მიერ ვალდებულების აღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე. მე ვერ ვისაუბრებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სახელით, თუმცა ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ტრანსატლანტიური კავშირების მხარდამჭერია, საქართველო კი ამ კავშირების ნაწილია. აშშ მრავალი წლის განმავლობაში აძლიერებდა პარტნიორობას და მხარს უჭერდა ნატოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს წევრობის საკითხზე. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ პანდემიის მიუხედავად, უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს დიალოგი, გასულ სექტემბერს შევხვდი პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განგვეხილა შავი ზღვის უსაფრთხოება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გავაფართოვეთ არსებითი პაკეტი და გავაძლიერეთ პრაქტიკული თანამშრომლობა. თბილისში გვაქვს ნატოს სამეკავშირეო ოფისი, ერთიანი წვრთნისა და შეფასების ცენტრში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საზღვაო მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს სანაპირო დაცვას და ველით ამ თანამშრომლობის გაძლიერებას. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთი დამნაშავეა ადამიანის უფლებების დარღვევაში „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშირა ჩვენება მისცა სალომე ზურაბიშვილმა გამომძიებელს კარტოგრაფების საქმეზე?
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას