იენს სტოლტენბერგი ფინეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, მათ შორის თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები განიხილა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში მიიწვიეს, სადაც საული ნიინისტოსთან სხვადასხვა თემებთან ერთად ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები, მათ შორის თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები, ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები განიხილეს.

ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი შვედეთს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას.

„ჩვენ ვმუშაობთ გულმოდგინედ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, მათ შორის თურქეთთან, ასევე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, რათა ყურადღება მივაქციოთ იმ საკითხებს, რომლებიც თურქეთმა წამოწია. ეს არის კანონიერად წამოწეული საკითხები. ეს ეხება ტერორიზმს, იარაღის ექსპორტ. ჩვენ უნდა გვესმოდეს და გავიგოთ, რომ ნატო-ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალდა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი და რომ თურქეთი არის მნიშვნელოვანი მოკავშირე, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აუზში და ამასთან, ესაზღვრება ერაყსა და სირიას. თურქეთს უკავია მთავარი როლი ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, როგორიც არის ისლამური სახელმწიფო. ასევე, უნდა გავიგოთ, რომ თურქეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო, თურქეთს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და ასევე, თურქეთს მთავარი ადგილი უჭირავს გზების ძიებაში იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დაკავშირებულია უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტისთვის. ასე რომ როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც თურქეთია წამოჭრის საკუთარი შეშფოთების საკითხებს ტერორიზმთან, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამაზე სერიოზულად, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ ასევე მივესალმებით მკაფიო გზავნილს ფინეთისგან და შვედეთისგან, რომ ისინი განიხილავენ ამ საკითხებს და ვიპოვით წინსვლის გზას ამ მიმართულებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ ანკარასთან მოძებნილი იყოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.

„გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ამ დროისთვის არსებული ვითარება. ჩვენ გაოცებულები დავრჩით თურქეთის პოზიციით, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზულად უნდა მიიღო შენი კოლეგის მოსაზრება და სწორედ ამას ვაპირებთ, სერიოზულად მივიღოთ ის, რასაც თურქეთი ამბობს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები და იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოოდ ანკარასთან მოძებნილი იქნება ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზე, სამწუხაროდ ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ ხედავს ომის დასასრულის წერტილს, ეს გლობალური ომია. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის“, – განაცხადა ნიინისტომ.

banner
წინა სტატიაშირუს ხალხს, პუტინის წინამძღოლობით, ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს – კიმ ჩენ ინი
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა მარტვილში თხილის მოსავალი დააზიანა