იენს სტოლტენბერგი – ალიანსის შტაბ-ბინასთან სხვა სახელმწიფოების დროშებისთვის ადგილი თავისუფალია

NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ღიაა, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მაკედონიის დედაქალაქში გააკეთა. სტოლტენბერგი სკოპიეში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და სიტყვით მაკედონიის პარლამენტში გამოვიდა.

„NATO-ს კარი ახალი წევრების მისაღებად ღიაა, თუმცა ამისთვის აუცილებელია სერიოზული სამუშაოს შესრულება. ალიანსის წევრობა არის მეტი, ვიდრე სახელწოდების შესახებ დავის დასრულება. მოკავშირეებს აერთიანებთ არა მხოლოდ ერთიანი ინტერესები, არამედ ერთიანი ღირებულებებიც. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, უნდა დაამტკიცონ, რომ ამ ღირებულებებს იზიარებენ. მე ამაყი ვარ, რომ მონტენეგროს დროშა ალიანსის შტაბ-ბინასთან ფრიალებს და მინდა გითხრათ, რომ სხვა სახელმწიფოების დროშებისთვის ადგილი თავისუფალია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მაკედონიას ალიანსში გასაწევრიანებლად რამდენიმე მოთხოვნის შესრულება მოუწევს. მათ შორის არის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა.

სტოლტენბერგი სკოპიეში ვიზიტის დროს მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევს შეხვდა და მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების გეგმა შეაქო. ის ასევე მიესალმა ენის შესახებ ახალი კანონის მიღებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მაკედონიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ჩვენ ველოდებით პროგრესს საარჩევნო სისტემის რეფორმაში, ასევე მედიის შესახებ კანონის კუთხით ცვლილებებს ველით და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობის ხარჯების გამჭვირვალობაც გაიზრდება“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგი ასევე მიესალმა მაკედონიასა და ბულგარეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.

banner
წინა სტატიაშიადა მარშანია – NDI ისეთ კვლევას აქვეყნებს, რომელიც აშშ-ში გარკვეულ წრეებს აწყობთ
შემდეგი სტატიავაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა ​მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები