წალენჯიხის საკრებულოს “კრიტიკული დღეები”, ანუ, რა კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა დეპუტატებს?!
ის, ანდაზა ხომ იცით, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. ჰოდა, სწორედ, ამ „დავითას“ როლშია წალენჯიხის საკრებულო.
მართალია, სულმთლად ვერ ვიტყვით, რომ საკრებულოს წევრები შიშისგან კანკალებენ, მაგრამ უნდათ, თუ არა, თითოეულ მათგანს მოუწევს, არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცვლილების პროექტს, რომელიც შიდა ეკონომიის ხარჯზე ა(ა)იპი-ებისთვის 150 ათასი ლარის გადაცემას ითვალისწინებდა?!
ისე, საკრებულოს დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ხალხის დახმარებისთვის იყო გამიზნული, ალბათ, იმიტომ “ჩააგდეს”, რომ უნდოდათ, ეს შიდა ეკონომიკით დაზოგილი 150 ათასი ლარი თვითონ ჩაეჯიბათ, ანუ ხელფასები გაეზარდათ!
ვინმემ რომ ჰკითხოს, დეპუტატები ვენებს გადაიხსნიან, “საკრებულოს ხალხი ირჩევს, ჩვენ მოსახლეობაზე ვზრუნავთ და საკრებულოს წევრობაც ამიტომ გვინდაო, მაგრამ ამაზეა ნათქვამი, “ფიცის მწამს, ბოლო მაკვირვებსო”.
თქვე, მამაცხონებულებო, თუ ხალხზე ზრუნავთ, მაშინ ბიუჯეტის ცვლილების პროექტი რატომ ჩააგდეთ?!
გაგონილი გექნებათ, “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”. ისიც გეცოდინებათ, ვინც ტყუილს ამბობს, ცხვირი რომ ეზრდება!
ჰოდა, იფრთხილეთ, ცხვირები არ გაგეზარდოთ, თუმცა ამ ეტაპზე ცხვირის რა ვთქვათ, მაგრამ მშიერი ხალხის ხარჯზე თქვენი ჯიბეების პარამეტრები იზრდება!
იძახეთ ახლა, დაკნინება, დაკნინება!
სარკო!
ავტორი: ბერდია კალანდია


















