IDFI – თბილისში განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება საკმარისი არ იყო

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება საკმარისი არ იყო.

როგორც კლდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეკრების და გამოხატვის უფლების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს, რაც სათანადო დონეზე გარანტირებული არ არის.

„ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან ცუდი ფაქტები განვითარდა ჩვენ ქვეყანაში. ეს ეხება ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც გარკვეული ჯგუფის მხრიდან მომდინარეობდა. გუშინდელ აქციას რაც შეეხებოდა, იყო ერთი მშვიდობიანი აქცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ყველა ნორმაში ჯდებოდა და იყო მეორე, რომელსაც ძალადობას დავარქმევ. ვთვლი, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არ იყო საკმარისი. შესაძლებელი იყო. უკეთესად ამ ყველაფრის განხორციელება მათი მხრიდან. საუბარი არის მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფაზე ნამდვილად ისე, როგორც ეს კანონმდებლობას შეეფერება.

საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის ძალიან მაღალი საკანონმდებლო რეგულაცია, გარანტიები, ეს არის კონსტიტუციური უფლება, რაც დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, რადგან მისი რეალური ვალდებულებაა. ეს ვალდებულება და აუცილებელი უფლება, რომელიც ადამიანს და ადამიანთა ჯგუფებს აქვთ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმის, რამდენად არის ადამიანის უფლებები დაცული და დემოკრატიული სტანდარტი. ამის უზრუნველყოფა უნდა იყოს ხელისუფლების მაღალი პრიორიტეტი, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ, რომ სათანადო დონეზეა გარანტირებული”,- განაცხადა კლდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ყველაზე მნიშვნელოვანია ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაიღუმენია თამარ გამყრელიძე სასულერო პირებს მიმართავს