,,იბადება სერიოზული ეჭვი, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები კერძო ინტერესების განხორციელებას ემსახურება”

იბადება სერიოზული ეჭვი, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “თავისუფალი დემოკრატები” შეშფოთებული ვართ ხელისუფლების მხრიდან გაზის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში საზოგადოებაში ჯერ ინფორმაციის დაფარვის, შემდეგ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიწოდების. ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას და შესაძლოა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ეს მოლაპარაკებები განსაკუთრებით სახიფათოდ გვეჩვენება აზერბაიჯანული მხარის განცხადებების ფონზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს არ აქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია საქართველოსთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებლად მიწოდება კონკრეტულად, შაჰდენიზის ერთი პროექტის ფარგლებში”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. “თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებას და მთავრობის მეთაურს მოუწოდებენ, ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტრატეგიული განვითარების მონაპოვარს. “ეს არის მონაპოვარი, რომელიც დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანის და დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული შეთანხმებით და გრძელდება უკვე თითქმის 20 წელია და მოვითხოვთ, მიემართოს მაქსიმალური ძალისხმევა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით საქართველოს სტაბილური და პოლიტიკურად უსაფრთხო გაზის მომარაგების უზრუნველსაყოფად. გახსოვდეთ, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, გაზპრომი კი ოკუპანტის ინსტრუმენტი”, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმაჰირ მამედოვი “გაზპრომთან” მოაპარაკებების წარმოებას უარყოფს
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაცია ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხს ელოდება