“იარაღი ჩაუდეს” – ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ

ახალქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია იწყება, სადაც პოლიციის მიერ დაკავებული კიმ კუნგოიანის ახლობლები და ოპოზიციის წევრები იკრიბებიან.

ოპოზიცია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კუნგოიანის საქმეს პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ხელისუფლებამ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავა. მათი თქმით, სამართალდამცველებმა მას იარაღი ჩაუდეს.

კუნგოიანის ახლობლები აპირებენ, რომ პოლიციის სამმართველოსთან მსვლელობით წავიდნენ. ისინი ოპოზიციის მხარდამჭერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„სამოქალაქო აქტივისტია და იმიტომ დევნის პოლიცია. ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. პარტიის წევრი არ არის, მაგრამ საკუთარი აზრი აქვს მოვლენებზე და მონაწილეობს ხოლმე სხვადასხვა აქტივობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ მიზეზი, რომ პოლიცია დევნის და ბოლოს იარაღი ჩაუდეს,“ – განაცხადა დაკავებულის ახლობელმა.

კიმ კუნგოიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეგიონში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ აქტიურობდა.

„ჩემს შვილს კრიმინალური ურთიერთობა არავისთან აქვს. ის, რომ მას იარაღი ჩაუდეს, მთელმა რაიონმა იცის,“ – განაცხადა კიმ კუნგოიანის მამამ.

სპეცოპერაცია ოპოზიციის მხარდამჭერის დასაკავებლად ახალქალაქში გუშინ ჩატარდა. დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიათბილისში სავარაუდოდ, მოსამართლის ჯიპი გაქურდეს