იანს სტოლტენბერგი: რუსეთმა ძალა საქართველოში 2008 წელს გამოიყენა

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური, 2015 წლის ანგარიში ცოტა ხნის წინ ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა- “რუსეთმა ძალა საქართველოში 2008 წელს გამოიყენა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ჩამოთვლილია გასული წლის განმავლობაში ნატო-სა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები და აღნიშნულია, რომ ბალტიისპირეთში გამართულ მასშტაბურ საზღვაო წვრთნებში, რომელიც 5-20 ივნისს მიმდინარეობდა, ქართველმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.საკვანძო სამხედრო წვრთნებს შორისაა დასახელებული საქართველოში, 2015 წლის 8-22 ივლისს ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნებიც, რომელშიც ქართველების გარდა, მონაწილეობა 800-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო- ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან. დოკუმენტის თანახმად, ნატო ასევე მუშაობდა ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პარტნიორთა, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად. 2015 წლის ანგარიშში, დეტალურადაა განმარტებული ნატო-ს აქტივობები ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და ამ კონტექსტში ნახსენებია საქართველო.დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს წევრობის მისწრაფებისადმი და მოუწოდეს განახორციელოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები, ასევე დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისადმი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ტარიფების ზრდა არ იქნება
შემდეგი სტატიადარღვევები გარდაბანში მიმდინარე რიგგარეშე არჩევნებზე – საია ინფორმაციას აქვეყნებს