იანდექსის მონაცემთა ცენტრზე უკრაინული დრონების დარტყმამ რუსეთში ინტერნეტის მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია.
გამოცემა The Moscow Times-ი რუსული ხარვეზების მონიტორინგის სერვისებზე, Sboy.rf-სა და Downdetector-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეფერხებები დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო. პრობლემები შეექმნათ ბანკებს, საცალო ვაჭრობის ქსელებს, მობილურ ოპერატორებს, სატრანსპორტო სერვისებს, სტრიმინგ პლატფორმებს, Google-ს, YouTube-ს, RuTube-სა და რამდენიმე მსხვილ რუსულ ვებგვერდს.
საჩივრების ყველაზე დიდი რაოდენობა Avito-ზე დაფიქსირდა – დღის განმავლობაში 14 000-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ყველაზე სერიოზული შეფერხებები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დაფიქსირდა, სადაც მომხმარებლებს პრობლემები შეექმნათ T-Bank-თან, ინტერნეტპროვაიდერ SkyNet-თან და ღრუბლოვან სერვის Mango Office-თან.
ხარვეზები ასევე შეეხო მოსკოვის ოლქში ავტობუსების ბილეთების ონლაინ გაყიდვებს. MosTransAvto-მ პრობლემა დაუკავშირა იმ მონაცემთა ცენტრის მუშაობის შეჩერებას, რომელიც მისი ბილეთების ონლაინ სისტემას უზრუნველყოფდა. წვდომის პრობლემები შეექმნა რამდენიმე მსხვილ რუსულ მედიავებგვერდსაც, მათ შორის RBC-ს, RIA Novosti-ს, Kommersant-ს, Vedomosti-ს, Interfax-სა და Vesti-ს. ზოგიერთი მათგანი ხელმიუწვდომელი რჩებოდა VPN კავშირის გამოყენებითაც კი.
ინციდენტს წინ უძღოდა ცნობები იმის შესახებ, რომ სასოვოს ობიექტმა დრონების დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. „იანდექსს“ დაუყოვნებლივ არ დაუდასტურებია, შესაძლებელი იქნება თუ არა დაზიანებული მონაცემთა ცენტრის სრულად აღდგენა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტზე განთავსებული იყო კომპანიის სამი სუპერკომპიუტერიდან ორი, რაც მას „იანდექსის“ გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევდა.


















