იან კელი: ტოლერანტობის ხელშეწყობა ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

იან კელი

ტოლერანტობის ხელშეწყობა ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ავლაბრის სასახლეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“წელს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ ფონზე, რასაც მართლა შეიძლება ვუწოდოთ საშინელება. საშინელებაა ის, რაც მოხდა პარიზში, ანკარაში, ბეირუთში და სხვაგან. როდესაც უდანაშაულო ადამიანები კვდებიან, რაღაც ერთგვარი იდეოლოგიების გამო, ეს არის შეტევა მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ. იმ სამყაროს მიმართ, რომელიც იზიარებს უნივერსალურ ფასეულობებს და რასაც ჩვენ ახლა აღვნიშნავთ ამ საღამოს. მე ვფიქრობ, რომ ტოლერანტობის ხელშეწყობა მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ამას ვეძახით ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
იან კელის თქმით, ცივილიზებული სამყარო ცდილობს შექმნას გლობალური საზოგადოება, რომელიც ეფუძნება საერთო ფასეულობებს, სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.
“რა საკვირველია, ამგვარი საზოგადოება ისე, შემთხვევით არ ყალიბდება, ამას სჭირდება ხელმძღვანელობა, ლიდერობა და სწორედ ამას ვხედავთ აქ, საქართველოში. რა საკვირველია, აშშ და საქართველო ორივე არის სამშობლო მრავალეთნიკური მოსახლეობისა და მოსახლეობის უმცირესობა ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მცირე ხანია საქართველოში ვარ, მაგრამ ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, რომ მრავალფეროვანი ჯგუფები ერთად დგანან და მუშაობენ, ისინი მშვიდობიანად ცხოვრობენ გვერდიგვერდ, პატივს სცემენ ერთმანეთის რელიგიას, ენას, მრავალფეროვნებას. მე მგონი, ქართველები მართლაც ძალიან უნდა ამაყობდნენ იმით, რომ ამ ქვეყანაში სოციალური სიჭრელეა. ტოლერანტობა, ურთიერთპატივისცემა და დაფასება მნიშვნელოვანია. საქართველო ამას აჩვენებს საუკუნეების განმავლობაში. ეს არის მაგალითი, რომელსაც უნდა გავყვეთ რეგიონში და მსოფლიოში. საქართველოს ძალა სწორედ მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს”, – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიბარაქ ობამა: წამყვანი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე არიან, რომ “ისლამური სახელმწიფო” უნდა განადგურდეს
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა