იან კელი: სპეცოპერაციის საგამოძიებო პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართული

საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი ადასტურებს, რომ ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართული და პროცესს ტექნიკურ დახმარებას უწევენ. თუმცა, დეტალებზე, რა სახის დახმარებას იღებს საქართველო კიდევ დამატებით FBI-სგან, ამაზე იან კელი აღნიშნავს, რომ განცხადება ქართულმა მხარემ უნდა გააკეთოს.

„რა თქმა უნდა, საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და ვფიქრობ, ბევრი შეკითხვა აქვს საქართველოს ხელისუფლებასაც. უპირველესად, ჩვენ უნდა მივიღოთ 100 პროცენტიანი დადასტურება, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ახმედ ჩატაევია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს შეკითხვები და მზად ვართ დაგეხმაროთ მათ გარკვევაში. ეს იყო ქართული მხარის ოპერაცია, მაგრამ საგამოძიებო პროცესში ჩართული არიან ჩვენი ექსპერტები გამოძიების ფედერალური ბიუროდან,“ – განაცხადა იან კელიმ.

ელჩის განცხადებითვე, მას არ აქვს ინფორმაცია, მონაწილეობდა თუ არა ამერიკული მხარე უშუალოდ სპეცოპერაციაში.

იან კელის თქმით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები ამერიკულ მხარესაც აქვს და იმედოვნებს, რომ გამოძიება ამ კითხვებზე პასუხს გასცემს.

„მთავრობას მივანდობ იმ როლზე საუბარს, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს. ჩვენ მართლაც შევთავაზეთ გარკვეული დახმარება, ეს არის ტექნიკური სახის დახმარება, რომელსაც უკვე ვუწევთ. საერთაშორისო ტერორიზმის საკითხი ყველა ჩვენგანზე ახდენს ზემოქმედებას. საქართველო ამ მხრივ ჩვენი პარტნიორია და რა თქმა უნდა, ვუწევთ დახმარებას,“ – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) წყლის შესხმა და ჩხუბი “იბერიის” ეთერში
შემდეგი სტატიასაქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას