მოხიბლული ვარ საქართველოს მთავრობის ეფექტური ქმედებებით, ვინაიდან უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარების რეალური მოდელი შექმნა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ შსს-ის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში განაცხადა.
მისი თქმით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი უფრო მეტად აქტუალური ხდება.
„მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს მოწვევისთვის. ძალიან შთამბეჭდავია ეს დაწესებულება და ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა მისი მშენებლობა. ასევე მოხიბლული ვარ საქართველოს მთავრობის ეფექტური ქმედებებით, ვინაიდან შექმნა უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარების რეალური მოდელი.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი ხდება. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი უფრო მეტად აქტუალური ხდება. გუშინ, ბათუმის კონფერენციაზე ვისაუბრე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ჩემი აზრით, ქართველები უნდა ამაყობდნენ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ამ ცენტრის გამო“,- განაცხადა იან კელიმ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს აშშ-ის ელჩი იან კელი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ – შალვა ხუციშვილმა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ – ნინო ბაქრაძემ უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
სასაზღვრო ცენტრის მიზანი საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლია