იაკობზე აბსურდული მიზეზით გამოძიების არდაწყება აძლიერებს ეჭვს, რომ სიმართლეა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ის რომ მეუფე იაკობი მისი ბრალდებების გამო პროკურატურამ “აბსურდული არგუმენტით” არ დაკითხა, ეჭვებს აძლიერებს.

ბოკერია მიუთითებს ბოდბელი ეპისკოპოსის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან კავშირებზე და ამბობს, რომ როცა ასეთი ფიგურა საუბრობს შესაძლო კორუფციაზე, ზეწოლასა თუ ფულის გამოძალვაზე, ბუნებრივია მოთხოვნა, რომ საქმით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

“საზოგადოებრივად ამ მდგომარეობის მქონე ფიგურა, რომელსაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, გამოვიდა და ასეთი მძიმე ბრალდებები ისროლა. პროკურატურა გამოდის და, ანეკდოტიც არ ჰქვია ამას, აბსურდულზე აბსურდულ პასუხს სცემს საზოგადოებას – რომ მეორე დღეს რაღაც ნაწილები გადათქვა, ამიტომ არ დავკითხავთო. დაკითხვა იმით განსხვავდება ტელევიზიით ლაპარაკისგან, რომ ტყუილს თუ იტყვი, ცრუ დასმენას ახორციელებ ან ცრუ ჩვენებას აძლევ. სამოქალაქო საზოგადოება იმით განსხვავდება ირანისგან, მაგალითად, რომ აქ რა მოინანია, რა შეინანია, რა გადათქვა, არის სხვა საკითხი და როცა ბრალდებები არის კორუფციაზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, კონსტიტუციური პრინციპის შესაძლო დარღვევაზე, უნდა დაკითხო ეს ადამიანი და გაარკვიო, გაძლევს ის ჩვენებას ამ დანაშაულებზე თუ არ გაძლევს. მარტივი საკითხია. როცა პროკურატურა უარს აცხადებს აბსურდული არგუმენტით და გვესმის, რომ შეინანია და აღარ დავკითხავთო, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს სიმართლეა”, – თქვა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა იაკობ იაკობაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დეპუტატი პასუხობს, რომ არ გამორიცხავ.

“ივანიშვილის პერსონიდან გამომდინარე არაფერს გამოვრიცხავ”, – ამბობს ის.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას “ეჩალიჩებოდნენ”, რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ინფორმაციით, იგი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო” და მას “მღვდელმთავრისთვის შეუფერებელი საქციელისთვის” გაფრთხილება მიეცა. ის ეპარქიის მმართველად რჩება, თუმცა, სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, განმეორების შემთხვევაში მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, “გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს”

banner
წინა სტატიაშიგაიყოფა თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია – ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის პერსპექტივების პოლიტიკური ასპექტები 2020 წლიდან
შემდეგი სტატიაბოკერია: პრობლემაა სასულიერო პირების პროპუტინური გზავნილები და მათგან ძალადობის მფარველობა