საზღვაო კოდექსში ცვლილებები შედის, რის თანახმადაც, შიდა სახმელეთო წყლებში (ტბები, წყალსაცავები, მდინარეები) ნაოსნობისთვის ახალი სამართლებრივი ჩარჩო იქმნება.
კერძოდ, ცვლილებები ეხება კატარღებს, იახტებსა და სამგზავრო გემებს, რომლებსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რეგისტრაციის გავლა და ამაში გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ. თანხის რაოდენობა დოკუმენტით განსაზღვრული არ არის და კანონპროექტის მიღების შემდეგ დამტკიცდება.
კატარღა, იახტა ან სამგზავრო გემი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, ამიტომ მისი რეგისტრაცია, საკუთრების უფლება და უზრუნველყოფა უნდა რეგულირდებოდეს იგივე სამართლებრივი პრინციპებით, როგორც სხვა გემების შემთხვევაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კანონის მიღების შემდეგ, შიდა წყლებში მცურავი საშუალებების რეგისტრაციის, ტექნიკური ზედამხედველობისა და უსაფრთხოების სტანდარტები მოწესრიგდება.
კერძოდ, პროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:
კოდექსის პირველი მუხლს, რომელიც განსაზღვრავს კოდექსის რეგულირების სფეროს, ემატება ჩანაწერი შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და განისაზღვრება, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კოდექსი დაარეგულირებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
კოდექსის მე-9 მუხლი ადგენს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძირითად ფუნქციებს, ამავე მუხლს დაემატება ჩანაწერი შიდა სახმელეთო წყლებთან მიმართებით სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით და განისაზღვრება, რომ იგი ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკურ რეგულირებასა და ინსპექტირებას კანონმდებლობის შესაბამისად;
ვინაიდან, ამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზეზია, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციის წესებთან დაკავშირებული საკითხების ასახვა კოდექსში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი შეეხება კოდექსის II თავს, რომელიც ადგენს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. 28-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების მიზანია დაინერგოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ცნება და დაზუსტდეს რეგისტრაციის შეწყვეტის და გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მარეგულირებელი საკითხები.
29-ე მუხლის მე-4 ნაწილის ცვლილება ადგენს გამონაკლის. ხოლო 41 ნაწილით დგინდება, რომ შიდა სახმელეთო წყლების წიგნში გემის რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.
30-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს 6 თვის ვადით, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს ერთ წლამდე.
38-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი და მის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებს ასე ასაბუთებს:
სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა: მოქმედი კოდექსი სრულყოფილად ვერ ფარავს შიდა წყლებში (ტბები, მდინარეები) მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და იპოთეკის საკითხებს.
ერთიანი სამართლებრივი რეჟიმი: ცვლილებების მიზანია შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომელიც დაარეგულირებს როგორც რეგისტრაციას, ისე საკუთრებით ურთიერთობებს.
“კანონპროექტის მიღებით, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს დაემატება ახალი წიგნი, შიდა სახმელეთო წყლების გემის წიგნი, სადაც მოხდება შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების რეგისტრაცია და აღნიშნულ გემებზე გავრცელდება კოდექსის მოთხოვნები გემების რეგისტრაციასთან მიმართებით
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებით დამტკიცებული „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის“ მიხედვით, რეესტრში გემების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება 2026 წლის 1 ივლისიდან.
შესაბამისად, გემების რეგისტრაციის მიზნით, მიმართვიანობა შესაძლოა გაიზარდოს, რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კონკრეტული ფინანსური გავლენის ოდენობა, კი როგორც აღინიშნა, დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის სიხშირესა და რეგისტრაციის საფასურზე”, – წერია განმარტებით ბარათში.

















