„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.
ხვიჩიას შეფასებით, ბარამიძემ მის საავტორო გადაცემაში აბსურდული და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, თუმცა 32 წლის წინანდელ ამბავზე პირადი აღქმის მოყოლის გამო ადამიანის ციხეში ჩასმა „ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი“ და მართლმსაჯულების სირცხვილია.
„შეიძლება ყველაფერი დააბრალო ბარამიძეს და მე არ გამოვდგები მის დამცველად, რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ის ამის გამო სამშობლოს მოღალატე არ არის.
ეს ნიშნავს, რომ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ ბარამიძის მიმართ. არ შეიძლება ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა… რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ასეთი რაღაცის მოყოლის გამო კაცი გაასამართლო სამშობლოს ღალატზე? ეს იქნება ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი, იურიდიული ფაკულტეტის სილაბუსში შესატანი“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.








