იაგო ხვიჩია – „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის თამაში დაიწყო

ქვეყანაში ხდება ის, რაზეც ვაფრთხილებდით, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის თამაში დაიწყო, „ოცნება“ გაება მახეში და ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რასაც გადადგამს, სიტუაციის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა შეცდომა და ოპოზიციამ ის უნდა გამოიყენოს მოლაპარაკებების წარმატებით განახლებისკენ.

ამასთან, ხვიჩიას განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება, რაც ნიკა მელიას დაკავებას ითვალისწინებს.

„ზოგადად, ახლა ქვეყანაში ზუსტად ის ხდება, რაზეც ვაფრთხილებდით. „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის თამაში დაიწყო. ეს ყველაფერი აწყობდა სააკაშვილს. „ოცნება“ გაება ამ მახეში და ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რასაც გადადგამს ახლა, სიტუაციის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს. ჩვენ ახლა გვაქვს ამოცანა, სასწრაფოდ გავიდეთ სიტუაციიდან და ეს შეცდომა, რაც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, გამოვიყენოთ, რათა მოლაპარაკების პროცესი განახლდეს წარმატებით, ოღონდ მოლაპარაკების მაგიდაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს იმ ოთხივე საკითხზე, რომელზეც იყო ლაპარაკი და „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად უნდა აგოს პასუხი თავის შეცდომებზე. ამის საწინააღმდეგო გზა არის ქუჩაში ჭიდაობა „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის გადადგომით შეჩერდა. ამ ჭიდაობის შედეგად „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს. მგონი სწორი დროა, რომ „ქართული ოცნება“ ცხენიდან ჩამოვიდეს, სადაც ისინი სხედან არჩევნების შემდეგ და ჰგონიათ, რომ თვითონ აკონტროლებენ ყველაფერს. სინამდვილეში, სიტუაცია ძალიან ფეთქებადი და სახიფათოა, რისკენაც ცოტა ხანში ჩვენი პარტნიორები, მეგობრები, ფასილიტატორები მოგვიწოდებენ. ეს სიტუაცია „ოცნებამ“ უნდა გამოიყენოს, რომ საკუთარი შეცდომები დაინახონ. ასე „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება კი არ ხდება, ასე „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება ხდება.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე გუშინ. თუ „ქართული ოცნების“ მიზანი არ არის მიშას დაბრუნება ერთპიროვნულად, რისი ეჭვიც მე მაქვს, მაშინ ჩემი აზრით, ეს თამაში უნდა მორჩეს და უნდა მოხდეს ისე, რომ მელიას ციხეში მოხვედრის საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ადეკვატურად. არა ისე, ცხენზე მჯდომი როა ერთი მხარე, ან ორივე მხარე, არამედ ადეკვატურად, როდესაც მხარეებს გასიგრძეგანებული აქვთ შერიგების მნიშვნელობა. თუ არადა, ასეთი საფრთხის წინაშე ვართ. პარტიას, რომელსაც ერთმილიონიანი მხარდაჭერა აქვს, ებრძვის პარტიას, რომელსაც ნახევარმილიონიანი მხარდაჭერა აქვს და ეს როგორ შეიძლება, სწორი იყოს? როგორ შეიძლება, აქ შერიგება არ იყოს ერთდერთი სწორი გამოსავალი? და სწორი გამოსავალი როგორ უნდა იყოს ის, რასაც წეღან პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა. რაღაც უაზრობას არალეგიტიმური გადაწყვეტილებების აღსრულება და სამარცხვინო გადაწყვეტილების აღსრულება. ეს მეათე მოწვევის პარლამენტს თავს ჭრის. რა რა და საქართველოში პარლამენტის წევრები ერთმანეთის დაჭერაზე მაინც არ იძლეოდნენ კურთხევას, ეს კულტურა მაინც გვქონდა საქართველოში. სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება, რაც ნიკა მელიას დაკავებას ითვალისწინებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია – დავიწყოთ მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიალიეტუვის ელჩი – მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საქართველოს დელეგაციები ეწვევიან