იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნებისგან“ თუ მივიღებთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის და ბუნებრივი ბარიერის პირობას, ყველა ჩემს კოლეგას პირადად ვთხოვ, პარლამენტში შემოვიდნენ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით გარეთ, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო სრულად პროპორციული არჩევნები და ბუნებრივი ბარიერი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამ წინადადებას წამოაყენებს და მისი შესრულების გარანტიებიც იქნება, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ.

„კარგია, რომ ამ თემებზე დისკუსია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე დავუშვათ, პლებისციტი. ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო შემდეგი: ის, რის გამოც ამ ქვეყანაში მოხდა 20 ივნისი და რის გამოც შეიქმნა ოპოზიციური ერთობა – ეს არის სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ჩვენთვის ეს პირობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში. „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ეს პირობა არ არის, მაგრამ არის ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და მას შემდეგ, რაც ამ პირობას მივიღებთ „ქართული ოცნებისგან“, ვეცდებით დაველაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გვექნება სათანადო გარანტიები ამ პირობის შესრულებისთვის, ჩვენი მეგობრებისა და ფასილიტატორების მეშვეობით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი აზრით, პარლამენტში შესასვლელია. საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ერთხელ და სამუდამოდა მოსაწესრიგებელია ამ ქვეყნის მმართველობის სისტემა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, თუ „ქართული ოცნების“ წინადადება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, ის შეეცდება, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია დაარწმუნოს, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„ქართულ ოცნებას“ ეს ჯერ არ შემოუთავაზებია. თუ შემოგვთავაზა, მე დავივლი ყველა ჩემს კოლეგას, ვინც გახდა პარლამენტის წევრი, სიის მიხედვით ჩამოვრეკავ და პირადად ვთხოვ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. თუ არ შემოვლენ, მაშინ ჩემს იქ შესვლას აზრი არ აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ბევრ პარტიაში ბევრი პატრიოტი ადამიანი მეგულება, რომელსაც თუ დავარწმუნებ, რომ რაც ხდება, ის ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანია, ისინი გულწრფელად გაიგებენ ამას.

მე მართლა არ მჯერა იმის, რომ ალეკო ელისაშვილი ვინმემ მოისყიდა. მისი ეს ნაწილი, გულწრფელი ინიციატივა, რასაც მე ვლაპარაკობ, იმის ნაწილია, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში“ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად”
შემდეგი სტატიანათელაშვილი: ჭორვილაში შეაშინე შენი დამონებული მეზობლები შე ნაძირალა