იაგო ხვიჩია – პირადად მე არ ვაპირებ აქციებში მონაწილეობას, არ მინდა, უხერხულობა შევუქმნა კოლეგებს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების აქციებში მათი მხარდამჭერები მონაწილეობენ და მიაჩნია, რომ ეს აქციები მორალურადაც გამართლებულია.
თუმცა, ხვიჩიას თქმით, თავად არ აპირებს მონაწილეობას, რადგან, როგორც განმარტავს, არ სურს, ოპოზიციონერ კოლეგებს უხერხულობა შეუქმნას.
„ჩვენი მხარდაჭერები მონაწილეობენ პოლიტიკური დევნის საწინააღმდეგო აქციებში, ნიკა მელიას გამოშვების და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მორალურად გამართლებულია. რაც შეეხება პირადად მე მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირადად მე არ ვაპირებ მონაწილეობას, არ მინდა, უხერხულობა შევუქმნა ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ამ წუთას მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა აქცია მორალურია და ჩვენი მხარდამჭერები მასში მიიღებენ მონაწილეობას. გაბუტულები არიან და უხერხულობა იგრძნობა, როცა შენს ირგვლივ ბევრი გაბუტული ადამიანია. მე არ ვარ გაბუტული, დიდი ხანია, არაფერი მწყინს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს.
„მთავარია, ხელისუფლება ჩამოვიდეს ცხენიდან, რომელსაც დააჭენებს არჩევნების შემდეგ, თუ ეს მოხდება, მაშინ, ჩემი აზრით, რესურსები და სივრცეები გამოჩნდება. ზუსტად იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. რამე მაინც უნდა დათმოს ორივე მხარემ. ბოლო ორი-სამი თვეა, არც ერთი არაფერს თმობს, მიუხედავად მათი საჯარო საუბრებისა, რომ მოლაპარაკება ერთადერთი გზაა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ლაპარაკიდან საქმეზე უნდა გადავიდნენ, თუ შეთანხმება უნდათ, თუ შეთანხმება არ უნდა, მეორე საქმეზე გადავიდეს, ამ შემთხვევაში დასახოს სწრაფი რევოლუციური გზები. ან ერთი უნდა ქნას ან მეორე. სხვანაირად, უკვე დიდი ხანია, გაჩერებული ვართ ერთ ადგილას, ქვეყანა წინ არ მიდის და ხალხიც დაიღალა ლოდინით. უნდა შევრიგდეთ სწრაფად, ან სწრაფად უნდა ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლების მოშორების ერთადერთი გზა არის რევოლუცია და აჯანყება. რაც უფრო დიდი ხანი გავწელავთ ამ თქმის პროცესს, ერთი ან მეორე მხრივ, მით მეტად არასერიოზულ შთაბეჭდილებას დავტოვებთ ადამიანებში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, „თქვენ მიიღებთ მონაწილეობას რევოლუციაში?“, ხვიჩია პასუხობს: „მე ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას, რაც რეალური და მორალური იქნება. რომ მივიღო მონაწილეობა რევოლუციაში, ჩემმა კოლეგებმა უნდა ამიხსნან, რატომ არის რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი, როგორ აპირებენ მას, რევოლუციურ კომიტეტში მინდა მონაწილეობა, თუ იქ არ მიმაღებინებენ მონაწილეობას, ისე როგორ მივიღო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ
ხვიჩიას შეფასებით, სინამდვილეში არავითარი რევოლუციური სცენარი არ არსებობს და ამაზე მხოლოდ საუბრობენ.
„რევოლუციერ სცენარზე მხოლოდ ლაპარაკობენ, სინამდვილეში არანაირი რევოლუციური სცენარი არ არსებობს და ყველა ადამიანი, რომელიც რევოლუციაზე ლაპარაკობს, სინამდვილეში არ გულისხმობს რევოლიციას, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. დიდი ხანი ვეძებდი ასეთ ადამიანებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩავიქნიე ხელი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ მივაღწევთ, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს საკუთარ ხალხს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი​​ – შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ახლო პარტნიორის მიმართ ევროკავშირის ინტერესის ცხადი ნიშანია