იაგო ხვიჩია ნიკა მელიას შესაძლო დაჭერასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” განცხადებას ავრცელებს

იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ნიკა მელიას ციხეში ჩასმა მიხეილ სააკაშვილის “თამაშია” და “ქართული ოცნებაც” ახლა “მიშას თამაშს” თამაშობს.

“გირჩის” ლიდერი ნიკა მელიას შესაძლო დაჭერასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” ავრცელებს განცხადებას და წერს:

“მელიას საქმე.
ნიკა მელია ციხეში – მიშას თამაშია.
ქოცები ახლა მიშას თამაშს თამაშობენ, ოღონდ არ ვიცი, ამას გააზრებულად აკეთებენ თუ უბრალოდ, არ ესმით რა ხდება.
თამაშის მოკლე მონახაზი ასეთია:
მიშამ ზუსტად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგებით ვერ მოვა. მით უმეტეს, თუ ის დაბალი ბარიერით ჩატარდება და პატარა პარტიებს არსებობის შანსი გაუჩნდებათ.
ამიტომაც მის ამ თამაშში, პარლამენტი არც ერთ ვარიანტში არ უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ქუჩაში და არა პარლამენტში.
ნებისმიერი ქოცების შეცდომა და კონფლიქტი უნდა ითარგმნოს შესაძლო რევოლუციად, რომელსაც დისტანციურად უხელმძღვანელებს სააკაშვილი და მისი წარმატების შეუქცევადობის შემთხვევაში, ჩამოვა კიდევაც, რათა ერთპიროვნულად შეუდგეს ქვეყნის ქოცების დიქტატურისგან გამოხსნას და აღმშენებლობას.
ესაა მიზანი. შეიძლება ეს მოხდეს გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ან 2 წლის მერე, შეიძლება მეტიც დაჭირდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს.
თუ ამ ყველაფრის სხვისი ხელით გაკეთება გინდა, ამისთვის საჭიროა გმირი, რომელზედაც შეიქმნება ისტორია.
მაგრამ ეს გმირი ისეთი უნდა იყოს, რო მისი გმირობა, შენს “გმირობას” ვერ ჩრდილავდეს.
ყველა რისკი რო დააზღვიო, ყველაზე კაი ვარიანტია ეს გმირი ციხეში იჯდეს.
მიშამ იცის, რომ ნაცების მეტი რა მჯდარა ციხეში, მაგრამ ციხემ სახალხო გმირად ვერავინ ვერ აქცია.
თუმცა ნიკა მელია სხვა შემთხვევაა.
ის ყველაზე ნაკლებად “სისხლისმსმელი” ნაცია უბრალო ხალხის თვალში რომელმაც არჩევნები მოიგო და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, მის მიმართ არსებული ბრალდება ბოდვაა, წინა პარლამენტი მასთან შერცხვენილია და აშ.
მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, მას “გირჩიც” უფრთხილდება და “მოქალაქეებიც”.
ამიტომ მიშასთვის, ნიკა იდეალური პოლიტიკური პატიმარია, ამით, მიშა გუნდის შიგნით, ნიკასგან მომდინარე საფრთხესაც ანეიტრალებს, ფასილიტატორებთან მოლაპარაკებასაც შლის და ამდენი ხნის მერე, როგორც იქნა, საჭირო მორალურ უპირატესობასაც იღებს.
როცა რაღაც ძალიან უნდა მიშა ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. მისი ეს თვისება დასაფასებელი და გასათვალისწინებელია.
მე არ ვიცი ნიკა ასეთ „გმირობას“ შეგნებულად დათანხმდა თუ არა, მაგრამ მე ის არ მემეტება ასეთი როლისთვის.
როგორ გრძელდება თამაში?
ნიკას დაკავებისას გულწრფელი ჩხუბი და გაწევ გამოწევა უნდა მოხდეს, რაც მეტი დაშავდება ან რაც მეტ ახალს დაიჭერენ თამაშისთვის უკეთესია.
როცა მელია და მისი გულწრფელი დამცველები ციხეში იქნებიან, ახალი კონფლიქტებია საჭირო ამ ხალხის ციხეში ყოფნის გასაპროტესტებლად, თუ ეს ხალხი ციხეში, კონფლიქტები აუცილებლად მოხდება.
არის შანსი ეს კონფლიქტები გულწრფელი იყოს და შესაბამისად დამატებითი რისკის შემცველიც, მაგრამ ესეც შეიძლება ამ თამაშს მოუხდეს.
მთავარია ნიკა ციხეში აღმოჩნდეს, მოლაპარაკებები ჩაიშალოს და ყველა უმანდატოდ დარჩეს, კონსტიტუციაც იგივე დარჩება და მიშა კონსტიტუციურად იქნება დაცული კონკურენტებისგან.
ამ თამაშში მისი წარმატების მაქსიმუმია ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლა, მინიმუმი კი 2024 წლის საპარლამენტო ბარიერის შენარჩუნება.
თუ ბარიერი 5% დარჩა, პატარა პარტიებს მიშას გარეშე პერსპექტივა არ აქვთ, თუ რამე უნდათ მიშას უნდა შეერწყან, შესაბამისად მიშა მშვიდად გააგრძელებს ამ თამაშს 2024 წლის მერეც და დაელოდება როცა ხალხი თავად დაამხობს ქოცებს.
ქოცების „დამსახურებით“ კონკურენტებიც მოიშორა.
ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ ამ მხარეს ყველაფერი გასაგებია.
ახლა ქოცები.
არჩევნების შემდეგ ქოცები ცხენზე ზიან და დაჯირითობენ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არ ესმით რა ხდება და საფრთხესაც ვერ გრძნობენ.
ისინი ხო დიდი ხანია წარმატებით თამაშობენ ნაცების მთავარი მჩაგვრელის და დამამცირებლის როლს და არ იმჩნევენ რომ ცხოვრება შეიცვალა.
უფრო მეტიც, თავიანთ ამომრჩევლებს ნიკა მელიას დაჭერაზე და ნაცების განადგურებაზე აღაგზნებენ და ჰგონიათ რო იგებენ, არადა მიშას თავად აბრუნებენ, საკუთარი უტვინობით.
ზოგადად, მიშა რო კვლავ აქტუალურია ეს ქოცების ამ თამაშის შედეგია, სადაც მათ თავად გამოიგონეს იდეალური მტერი, რომლის დამარცხებაც, მხოლოდ მათ შეუძლიათ, მაგრამ ამ მტერს ახლა არსად ეჩქარება და ძველი კონკურენტების გადაყლაპვის ხარჯზე გაძლიერებული ელოდება თავის მომენტს.
მიშას თამაშის წარმატება ქოცების სიბრიყვეზე დგას, ის ფსონს დებს იმაზე რომ ქოცებს ჭკუა საერთოდ არ აქვთ და სუსტები რომ არ გამოჩნდნენ მელიას დაიჭერენ, ხოლო როცა მიხვდებიან რაც ემართებათ, უკვე გვიან იქნება.
ძალიან პრიმიტიულად თამაშობს, ამიტომაც აგებს დაუსრულებლად, მაგრამ „გროსმაისტერის“ გარეშე დარჩენილ ქოცებს იქნებ ოდესმე მოუგოს კიდეც, ყოველ შემთხვევაში მისი რა მიდის”, – წერს იაგო ხვიჩია.

banner
წინა სტატიაშიპასუხის პასუხი-თაკო ჩარკვიანი დუმბაძეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: თუ დალუქავენ, მერე ავხსნი ლუქს და გავხსნი ისევ ბარს