„ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან. 12 პუნქტი, „ქართული ოცნების“ აზრით, ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამის გამო მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ 9 პუნქტის შესრულებასაც ზუსტად იგივე სტილით აპირებენ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ, რომელიც 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.
იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ აღნიშნულ ფორმატზე უარის თქმას არ აპირებს.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი, რაშიც ახლა ვმონაწილეობთ, თავისი შინაარსით არის ისეთივე ფორმალიზებული პროცესი რაღაცის შესასრულებლად, როგორც იყო 12 პუნქტის შესრულებისას.
ყველა პუნქტი ჯერ არ გაგვივლია, სამი პუნქტი გავიარეთ, მაგრამ არ მესმის, ამ სამი პუნქტის შესრულების შემდეგ ქვეყანაში რა შეიცვლება. მგონია არაფერი ისე არ შეიცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. ჩვენ არ ვაპირებთ ფორმატზე უარის თქმას, ჩვენ ყველაზე ბოლოს გამოვალთ ამ შეხვედრებიდან“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.
პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.