იაგო ხვიჩია – ყველასთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას, ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების მიუხედავად ველაპარაკები

ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ და ადამიანებს მათი ხასიათების, ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო, ამისთვის ამირჩია ხალხმა პარლამენტში და არა იმისთვის, ვარკვიო, ვის როგორი ხასიათები აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიმე ურთიერთობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთის უშვერი სიტყვებით კრიტიკა მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით საქართველო მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანა არ არის.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ყველასთან გააგრძელებენ კომუნიკაციას.

„სააჯაროობაში მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკური პროცესის აღწერას, რაშიც ვიმყოფებოდით წინა თვენახევრის განმავლობაში და არა იმას, რომ ვიღაცებმა, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ, ერთმანეთი უშვერი სიტყვებით ლანძღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანა.

იცით რამდენი ვინმე არ მომწონს ქართულ პილიტიკაში? მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ ხმები არის თვლით და 113 დეპუტატის ხმა მჭირდება ჩემი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების და ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო. ამისთვის ამირჩია ხალხმა საქართველოს პარლამენტში და არა იმისთვის, რომ ვარკვიო, ვის როგორი ხასიათები აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიმე ურთიერთობაში.

ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ყველასთან. „მოქალაქეების“ საქციელი რომ არ მომეწონა გუშინ, ეს საჯაროდაც ვთქვი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დროა, ბევრის საქციელი არ მომწონებია, ამის მიუხედავად, ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვცდილობ, რამე გამოვიყვანო, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი – საზოგადოებამ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ნახა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის პროექტია