ჯერ უნდა გავიგოთ, სუპერ პაკ-ი რა არის. თუ მისი მიზანია მსჯელობა, როგორი საქართველო უნდათ მომავალში, მაშინ ჩვენ გარდა, სხვა თავმჯდომარეს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მას რეპუტაციული ხელმძღვანელობა უნდა ჰყავდეს.
„მიზანი თუ არის, 25 ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ოფისში იჯდეს და არკვევდეს, როგორი მომავალი უნდათ ქვეყანაში, ვის რა უნდა, ვის რისი გამოსწორება სურს, ვინ როგორ ხედავს თავის თავს, სერიოზული დისკუსია იქნება. გამორიცხული არაა, მის თავმჯდომარეობაზეც ვიფიქროთ. ჯერ უნდა გავიგოთ, სუპერ პაკ-ი რა არის. მიზანი თუ არის, გავარკვიოთ, როგორი საქართველო გვინდა, ჩვენზე უკეთესი თავმჯდომარე ვინ ეყოლებათ? – განმარტება ჩვენს სასარგებლოდაა, რომ ამ ორგანოს თავმჯდომარე „გირჩი“ იყოს. მანდატების დანაწილებაზე თუ იქნება საუბარი და სიაში ვინ რომელი ნომერი იქნება, „ფანჩატური 2“ მონაგონი იქნება. რისთვის არის საჭირო სუპერ პაკ-ი? მისი მიზანი თუ იქნება, ვიმსჯელოთ, როგორი საქართველო უნდათ მომავალში, მაშინ ჩვენ გარდა, სხვა თავმჯდომარეს ვერ ვხედავ. მას რეპუტაციული ხელმძღვანელობა უნდა ჰყავდეს, რომელსაც უნარი აქვს, პროცესის ყველა მონაწილეს თავისი ადგილი დაანახოს, თორემ რთულია, ყველამ თავისი თავი დაინახოს. მგონი, საჭიროა ვაშაძე და ხაბეიშვილი „გამარჯვების პლატფორმაში“ დარჩნენ, აქ სხვა ხალხია საჭირო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. „პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.