იაგო ხვიჩია – „გირჩის“ გეგმა ხვალიდან საჯაროდ იქნება ცნობილი

ჩვენ „გირჩის სამეფო“ ჯგუფში ვიწყებთ საუბარს, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ მოხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათი გეგმა შესაძლოა, ხვალ უკვე გასაჯაროვდეს.

„არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან და სხვა ოპოზიციასთან საერთაშორისო თანამეგობრობის და ამ კვირას შეიძლება, რაღაც მოხდეს. გვახსოვს, გიორგი ვაშაძის განცხადებაც, რომ აქვს გარკვეული ინფორმაცია და სხვა წყაროებიც არსებობს, რომ რაღაც ხდება ამ კვირაში. თუმცა, არ მინდა მცდარი მოლოდინები შევქმნა საზოგადოებაში, რადგან მე ბევრი ასეთი კვირა ვიცოდი. ჩვენ ფაქტობრივად, „გირჩის“ სამეფო ჯგუფში ვიწყებთ საუბარს, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ მოხდება, დაველოდებით ადეკვატურ ფარგლებში სიტუაციას, მაგრამ ჩვენ შიდა ჯგუფში უკვე ვიწყებთ საუბარს, ჩვენი გეგმა ხვალიდან და ზეგიდან უკვე საჯაროდ იქნება ცნობილი. ეს გეგმა უკვე არსებობდა კვირის დასაწყისში, თუმცა, ჩვენ გვინდოდა კონსენსუსით გირჩის მმართველ ორგანოში გადაგვეწყვიტა ეს, რომ ყველა თანახმა ყოფილიყო. შეიძლება შეთანხმება ახლოს იყოს, მაგრამ გვინდა მსჯელობა იყოს იმ შემთხვევაზეც თუ ეს შეთანხმება ვერ შედგება, ეს გეგმა მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ შეთანხმება არ უნდათ,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია ამ გეგმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან „გირჩის“ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყვა, რადგან ხელისუფლებამ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებზე უარი თქვა.

ხვიჩია ამბობს, რომ ახლა ისინი მზად არიან საკუთარ პოზიციაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ, რათა მეორე მხარემაც გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

„ხელისუფლებასთან ჩვენ დიდი ხანი ვერ შევთანხმდით, მივიღეთ ეს მოცემულობად, არ ვაყენებთ შეურაცხყოფას ერთმანეთს, არ ვლანძღავთ, მაგრამ ვერ შევთანხმდით. პროპორციული არჩევნები და ბუნებრივი ან მასთან მიახლოებული ბარიერი იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ვევაჭრებოდით ხელისუფლებას. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ადამიანებს ჩვენ მოვაგროვებდით თუ ხელისუფლება დადებდა ჩვენთვის სასურველ ცვლილებას მაგიდაზე, ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. ჩვენ მზად ვიყავით, არავინ რომ არ წამოსულიყო ამაზე, მარტო შევსულიყავით პარლამენტში, შეიძლება არ ეყოფოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიძლება ჩვენ წაგვეგო ეს თამაში, მაგრამ ჩვენ ვიღებდით პასუხისმგებლობას, რომ ხალხს შევიყვანდით. არ გვაქვს ხელისუფლებასთან კიდევ შეხვედრის პრობლემა, მაგრამ ვერ ვთანხმდებით ფიზიკურად, ამიტომ დრო უნდა გავიდეს, რომ სხვანაირად დაინახონ მხარეებმა სიტუაცია, ანუ სიტუაცია რომელიმემ უნდა შეცვალოს, რომ მეორე მხარესაც მოუწიოს საკუთარი ნაბიჯების გადმოდგმა, ვინაიდან, ვერ შევთანხმდით, ჩვენ ვაპირებთ რაღაც შევცვალოთ, რომ მეორე მხარესაც მოუწიოს ნაბიჯების გადმოდგმა,“- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი – პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს
შემდეგი სტატიარუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა” რენტგენის აპარატი გადასცა