იაგო ხვიჩია- ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ არ ვიცი, ეს რატომ მოხდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2020 14:08

იაგო ხვიჩია- ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ არ ვიცი, ეს რატომ მოხდა

დილით გავიღვიძე და ეს სტატუსი დამხვდა, მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ამავე პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც ხვიჩია აცხადებს, ის ზურაბ ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რის გამოც მას ბოდიშს უხდის.

ამასთან, იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ მას და ზურაბ ჯაფარიძეს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია აქვთ.

„დილით გავიღვიძე, ეს სტატუსი დამხვდა. სისულელე დავწერე და ამისთვის ჯაფარას ბოდიშს ვუხდი. მეტი არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურა ჯაფარიძე ერთმანეთთან იდეალურად არ იყვნენ, ჩემი გაგებით. გუშინწინ მე და ჯაფარა მეგობრები ვიყავით, გუშინ არ მინახავს. დღეს მასზე გაბრაზებულმა პოსტი დავწერე. ეს ამბავი პარლამენტში შესვლა-არ შესვლას არ უკავშირდება. ვერ ვიხსენებ, მე და ზურას პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები რაზე გვქონდა. ვერ წარმომიდგენია, „გირჩიდან“ ვინმე წავიდეს. იმედი მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზურაბ ჯაფარიძე „გირჩში“ ჩემთან, ვახოსთან და ვიღაცასთან კომუნიკაციის გარეშე იმ საქმეს გააკეთებს, რასაც აკეთებდა. მე მისი განცხადება ასე გავიგე. ვერავის ვერ ვეტყვი, რომ ზურაბ ჯაფარიძე უნდა წავიდეს. რა სისულელეა, მე არსად წავალ, აქ ვცხოვრობ. თავად უნდა თქვას, მისი განცხადება რას ნიშნავს. ჩემი პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი, ზურაბ ჯაფარიძის სტატუსი რას ნიშნავს. არ ვიცი საკითხი, სადაც ზურაბ ჯაფარიძე განსხვავებულ პოზიციაზე დგას. როცა ეს არ ვიცი, როგორ გითხრათ, საიდან გამომდინარეობს ის, რაც ჯაფარიძემ დაწერა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ მას და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში შესვლასა და საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია აქვთ.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ თავად უნდა განმარტოს, რას გულისხმობს მისსავე განცხადებაში, რადგან მას ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნდა დავტოვო. ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. „გირჩი“ მე ან ჯაფარამ როგორ უნდა დავტოვოთ, ეს ვერ წარმომიდგენია. პარლამენტის შესვლის საკითხს განიხილავს მთელი ოპოზიცია, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობს, უცხოელ ფასილიტატორებთან ერთად. ამ საკითხზე ჩვენ განსხვავებული პოზიცია არ გვაქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებთან ზურას ვთხოვ, „გირჩის“ წარმომადგენელი იყოს. დღეს მას ბევრჯერ დავურეკე, კომუნიკაცია ბევრჯერ ვცადე, ზოგჯერ გამომივიდა. მასთან გაბუტული კი არ ვარ. მას არ უნდა კომენტარის გაკეთება. დაფინანსების საკითხზეც იგივე პოზიცია გვაქვს. პრობლემები აქვს ჩემს მეგობარს, თავად უნდა განმარტოს. რადგან არ ვიცი, ყველაფერს ვუშვებ. ჩემს მეგობრებს რომ კონფლიქტი აქვთ, ეს შეიძლება პირადი ტრაგედია იყოს, მაგრამ პარტიაში დარჩენა-არდარჩენასთან კავშირში არ არის, დიდი ბიჭები ვართ უკვე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2020 14:08