ჟურნალისტი ია ანთაძე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა “საინტერესო ადამიანები”, არხიდან გაუშვეს. ამის შესახებ თავად ია ანთაძე “ფეისბუქზე” წერს:
გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან – დახურეს პროექტი „საინტერესო ადამიანები“, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი სიხარული მომიტანა.
რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ.
უზომოდ მადლობელი ვარ იმ 302 ადამიანის, ვინც ინტერვიუზე დამთანხმდა და ვისთან ერთადაც თანამედროვე საქართველოს ძალიან დასამახსოვრებელი სურათი შევქმენით. ასევე, მადლობელი ვარ ყველა მკითხველის – თქვენ აცოცხლეთ ეს პროექტი 7.5 წლის განმავლობაში.
ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ მარტო ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, ყოველთვის ერთად ვიყავით – ჩემი სტუმრები, ჩემი მკითხველები და მე. გულწრფელი მადლობა ამ წლებისთვის!
აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი. იმედს ვიტოვებ, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებ, სასარგებლო ვიყო ჩვენი საერთო სამშობლოსთვის!”, – წერს ია ანთაძე.
მის სტატუსს სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე ასე ეხმიანება:
“უმეტესობა იმ ადამიანებისა რომელიც წლების წინ გამოუშვეს პირველი არხიდან, დღემდე წუხს იმაზე, რომ მაშინ იასგან ერთი მხარდამჭერი ზარიც კი არ მიუღიათ. ცხადია, ბევრს იმის მოლოდინიც ჰქონდა, რომ ია მათ უფლებებს ხმამაღლა დაიცავდა. ასე უნდა მომხდარიყო.
ია კარგი ჟურნალისტი და წესიერი ადამიანი იყო. მაგრამ ამ წლების განმავლობაში არსად ჩანდა. ბოლო პერიოდში უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო და მისმა უახლოესმა მეგობარმა ვასილ მაღლაფერიძემაც არ დააყოვნა. ია გაუშვა სამსახურიდან.
ეს ისტორია, ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენი კოლეგა და ახლობელიც არ უნდა გაყიდოთ თქვენი კონფორმისტული სიჩუმით, ადრე თუ გვიან რეჟიმი თქვენც მოგიკაკუნებთ კარზე. ასეთია დიქტატურის ბუნება.”
















