ია ანთაძე: ასათიანმა შეძლო და საჯაროდ, ყველას თვალწინ, კომფორტის ზონა დაატოვებინა ბიძინა ივანიშვილს

მედია-ექსპერტი სალომე ასათიანისა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება.

,,სალომე ასათიანის ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან აუცილებლად შევიტან ჩემს სასწავლო კურსში.
ეს იყო ინტერვიუ ძალიან საინტერესო დრამატურგიით. სალომე ასათიანმა შეძლო და საჯაროდ, ყველას თვალწინ, კომფორტის ზონა დაატოვებინა ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ პირველად ვნახეთ ასეთი ივანიშვილი – როდესაც მას მოუხდა, ინტერვიუს პროცესში შეეცვალა ტაქტიკა: შეტევიდან დაცვაზე გადასულიყო და, ბოლოს, საერთოდ „ჩაკეტილიყო“. ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, ოპონენტებთან ურთიერთობაში წარმმართველი როლის აღება საკუთარ თავზე, მწვავე კამათში გამარჯვება და ბოლო წერტილის დასმა ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილის სტილი. ზოგადად, მისი ცხოვრების მთავარ მიღწევად ჩანდა, რომ მუდმივად, ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც კი, ივანიშვილი ახერხებდა, დარჩენილიყო კომფორტის ზონაში.

და აი, სალომემ პირველმა შეძლო, რომ რესპონდენტი საჯაროდ გამოდევნა ამ ტრადიციული კომფორტის ზონიდან; პირველმა არა მხოლოდ ჟურნალისტებს შორის, არამედ, ზოგადად პირველმა იმ პირებს შორის, ვისაც ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში შეხვედრია. თუ ეს იყო მისი, როგორც ჟურნალისტის ამოცანა, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს რთული ამოცანა სალომემ წარმატებით შეასრულა. ასევე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ამოცანის შესრულებისთვის შეასხა მაყურებლებმა ხოტბა მას, როგორც ჟურნალისტს.

აქვე უნდა ვიკითხოთ – რატომ არის მიჩნეული, რომ ყველაზე წარმატებული სწორედ ის ინტერვიუებია, სადაც ჟურნალისტი ახერხებს, რომ რესპონდენტს კომფორტის ზონა დაატოვებინოს?
გუშინდელი ინტერვიუს კონტექსტში ახსენეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ინტერვიუ ფროსტსა და ნიქსონს შორის. ეს იყო ინტერვიუ, სადაც ფროსტმა შეძლო და ამბიციურ ნიქსონს დაატოვებინა კომფორტის ზონა, ოღონდ, შედეგი იყო ის, რომ ნიქსონმა (პირველად უოტერგეიტის სკანდალიდან სამი წლის შემდეგ) ბოდიში მოუხადა ამერიკელ ხალხს.
ფროსტმა შეძლო, რომ ნიქსონს ათქმევინა ის, რის თქმაც თავად ნიქსონს უნდოდა და, ამავე დროს, ათქმევინა ისიც, რის თქმაც მას ნამდვილად არ სდომებია.

სალომე ასათიანმა შეძლო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ათქმევინა ის, რის თქმაც მას უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, რომ ეთქმევინებინა ის, რის თქმაც მას არ უნდოდა.
ასე რომ, ზოგჯერ ჟურნალისტები ახერხებენ, რესპონდენტს დაატოვებინონ კომფორტის ზონა იმისთვის, რომ ის ბოლომდე გახსნან; ზოგჯერ კი ჟურნალისტები ახერხებენ, რესპონდენტს დაატოვებინონ კომფორტის ზონა იმისთვის, რომ ის ბოლომდე ჩაკეტონ – ეს არის განსხვავება კარგ და ცუდ ინტერვიუს შორის.

ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკამ, რომ კითხვებზე აღარ ეპასუხა, ჩემი აზრით, სალომესაც დაატოვებინა კომფორტის ზონა, როგორც ჟურნალისტს. ინტერვიუს ბოლო ნაწილში ის – ძალიან გამოცდილი ინტერვიუერი – იძულებული გახდა, კითხვები ჩაეკითხა და ასე – ცალმხრივ რეჟიმში დასრულებინა გადაცემა. ვფიქრობ, სალომესთვისაც არანაკლებ მძიმე იყო კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისთვის. არ მგონია, რომ თავად სალომე ასათიანი გუშინდელ არშემდგარ საუბარს თავის პროფესიულ წარმატებად აღიქვამდეს.

მე ამ ინტერვიუს დავარქმევდი „ორმხრივი მარხცის ინტერვიუს“, რომელიც (ფროსტისა და ნიქსონის ღრმა ურთიერთობისგან განსხვავებით) დასრულდა მეტყველი კადრით – როცა სალომე მოწყენილი ზის და უყურებს ფეხზე წამომდგარ რესპონდენტს, რომელიც უხერხული მოძრაობით ცდილობს ინტერვიუსთვის საჭირო ატრიბუტებისგან გათავისუფლებას”- აცხადებს ია ანთაძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ასათიანი: ქაღალდებში ქექვისთვის ბოდიშს გიხდით
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ნასამართლევი პლატონ მამარდაშვილი და კიდევ ოთხი პირი დააკავეს