Human Rights Watch-ის ანგარიში საქართველოს შესახებ

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.

„2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე, განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება. საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას. შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებაც მოხვდა.

“საქართველოს თაობაზე დასკვნით შენიშვნებში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა აღნიშნა გარკვეული პროგრესი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, მაგრამ გამოთქვა შეშფოთება ფიზიკური დასჯის, სექსუალური ექსპლოატაციის და ძალადობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და იძულებით გადაადგილებული ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით,”- წერია დოკუმენტში.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტსაც შეეხო და დაწერა, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რომლებიც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს, მათ შორის, „თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის“ მნიშვნელობას.

ანგარიშში მოხვდა საქართველოს ოკუპირებულინ ტერიტორიებიც.

“საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის შეუძლებლობის მიუხედავად, კომისარმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე არსებული პრაქტიკა „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას უტოლდება“.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ,”- აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაHuman rights watch-ის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აფგან მუხთარლის და „ბირჟა მაფიის“ საქმეებიც მოხვდა