ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი გამოცემა ამერიკის ხმას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულ კანონმდებლობასა და ქმედებებზე ესაუბრა. ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილის, რეიჩელ დენბერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიჰყავს, მათ შორის, ბოლო ხანებში მიღებული დრაკონული კანონებით.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ქართული ოცნების მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 14 დღიდან 60 დღემდე გაზრდის შესახებ, დენბერი ამბობს, რომ “ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც ოცნება ცდილობს, ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს”.
“მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო [90 დღე] შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნება” ამ დღეებს 60-მდე ზრდის. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც “ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს”. – თქვა დენბერმა.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაანონსებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზეც. როგორც დენბერმა ინტერვიუში აღნიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აქამდე შესული და დაანონსებული ცვლილებებიც, მათ შორის, ე.წ. პრევენციული დაკავება “სრულიად განურჩეველი და თვითნებურია”.
“ვგულისხმობ იმას, რომ, თუ არ ვცდები, ცვლილების მიხედვით, ე.წ პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად”. – ამბობს დენბერი.
დენბერმა ასევე აღნიშნა, რომ HRW-ს აღრიცხული აქვს ივანიშვილის სპეცრაზმის მიერ მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობის შემთხვევებიც. მისი თქმით, რეჟიმის სამართალდამცავების მხრიდან ამ მასშტაბის ძალის გადამეტების ფაქტებს “აბსოლუტურა არაფერი ამართლებს”.
“აღრიცხული გვაქვს უშუალოდ აქციებზე მომხდარი, სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძიება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება”. – დაამატა დენბერმა.
HRW-ს წარმომადგენელი შეეხო მოშიმშილე პოლიტპატიმრების თემასაც. დენბერის თქმით, რეჟიმის მიერ გამოცემა ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ გაკეთებული განცხადებები, რომ ის დამნაშავეა, ბოდიში უნდა მოიხადოს და “ჭამა უნდა დაიწყოს”, “ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინებაა”. ამასთან, დენბერის თქმით, პრობლემაა, რომ პოლიციის მიერ ადამიანთა ცემის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, დასჯილი არავინაა.
“ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ პოლიციის მიერ, უამრავი ნაცემი ადამიანი გყავს და ამის ვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრევამდე სცემს და ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება; არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა. მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარად იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველა სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს”. – თქვა დენბერმა.