HRC: მოვუწოდებთ შსს-ს, აქციებზე მხოლოდ ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა უზრუნველყოს

ადამიანის უფლებათა ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეკრებებსა და მანიფესტაციებზე, მხოლოდ და მხოლოდ, ფორმიანი და იდენტრიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა უზრუნველყოს.

ამასთან, HRC გომელაურის უწყებისგან აქციების მართვა/ფასილტიციის პროცესში ჩართული სამართალდამცავების სათანადო გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფას ითხოვს.

2024 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები, საქართველოში შეკრება-მანიფესტაციის და გამოხატვის უფლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით დააკვირდნენ სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის საპროტესტო აქციებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშების თანახმად, სხვა უფლებადარღვევებთან ერთად, გამოიკვეთა აქციის/მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში ყველა სახის საპოლიციო ძალის გამოყენების ტენდენცია, განსაკუთრებით გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტში ინიციირებული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. წინა წლების მსგავსად, საპროტესტო აქციებზე ფორმიან პოლიციელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ სავარაუდოდ სამართალდამცავი პირები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო. ამასთან არაიდენტიფიცირებადი პირები, კომუნიკაციაში იყვნენ სხვა ფორმიან პოლიციელებთან, ახდენდნენ აქციის აქტიური მონაწილეების, ორგანიზატორების ფოტო და ვიდეო გადაღებას, აწვდიდნენ ამ ინფორმაციას ხელმძღვანელ პირებს, რის შემდეგაც იწყებოდა აქციის მონაწილეთა მიზანმიმართული დევნა-დაკავება და ხშირ შემთხვევაში – ფიზიკური ძალადობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ის სამართალდამცავები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო აქციების მშვიდობიანად ჩატარების ორგანიზებაში, აქციის მიმდინარეობისას იყვნენ ნათლად და ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი. ეს ხელს უწყობს აქციაზე წარმოდგენილი პოლიციელების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რადგანაც ასეთ პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ ისინი არიან დაკვირვების ქვეშ და თუკი დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაძლებელია დადგეს მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი.შესაბამისად, პოლიციელთა ეფექტური ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, საზოგადოებისათვის პოლიციის თანამშრომლები ყოველთვის უნდა იყვნენ ადვილად იდენტიფიცირებადები, რისთვისაც ისინი უნდა ატარებდნენ შესაბამის ფორმებს ან სხვა მიმანიშნებელ ნიშანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებადამცველთა გაერთიანება-ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა.

უზრუნველყოს აქციების მართვა/ფასილტიციის პროცესში ჩართული სამართალდამცავების სათანადო გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში წარიმართა – საია
შემდეგი სტატიაგახარია პოლიციელებს: გთხოვთ ემსახურეთ სახელმწიფოს, მოქალაქეებს და არა პარტიას