15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შვიდ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ჩვენ სხვა ქვეყნებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სრუტეში წესრიგის დაცვის საკითხში თანამშრომლობის შესახებ და ვფიქრობ, კარგ პასუხებს ვიღებთ. ამას თუ გავაკეთებთ, ეს შესანიშნავი იქნება და თუ – არა, ესეც შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთი თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს ჰორმუზის სრუტიდან იღებს.

„მაგალითად, ჩინეთი თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს ჰორმუზის სრუტიდან იღებს და კარგი იქნებოდა, სხვა ქვეყნებიც რომ აკონტროლებდნენ ამ პროცესს ჩვენთან ერთად. ჩვენც მნიშვნელოვან დახმარებას გავუწევდით. სამხედრო თვალსაზრისით, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ დავამარცხეთ ირანი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

ამასთან, მისივე თქმით, ნავთობზე დამოკიდებულ სპარსეთის ყურის ქვეყნებს სრუტის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„მოვითხოვ, ეს ქვეყნები შემოვიდნენ და საკუთარი ტერიტორია დაიცვან. ეს არის ადგილი, საიდანაც ისინი ენერგიას იღებენ. ისინი უნდა მოსულიყვნენ და მის დაცვაში დაგვხმარებოდნენ. შეგიძლიათ, ამტკიცოთ, რომ შესაძლოა, ჩვენ იქ საერთოდ არ უნდა ვიყოთ, რადგან ეს არ გვჭირდება, ბევრი ნავთობი გვაქვს. ჩვენ ვართ ნომერ პირველი მწარმოებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ორჯერ გავაორმაგეთ, ვფიქრობ, ეს გაცილებით მეტია. მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ, თითქოს ჩვევის გამო ვაკეთებთ, მაგრამ ამას ასევე ვაკეთებთ ჩვენი რამდენიმე ძალიან კარგი მოკავშირის გამო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიამოსამართლემ რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ქონების ნაწილი ჩამოართვა