29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ჰორმუზის სრუტეში კომერციული მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა – გემები ომანის სანაპიროსთან არსებულ მარშრუტს იყენებენ

საზღვაო გადაადგილების მონოტორინგის სააგენტო MarineTraffic-ის მონაცემებით, სულ მცირე ხუთი გემისგან შემდგარმა კონვოიმ ჰორმუზის სრუტე ომანის სანაპიროსთან მდებარე მარშრუტით გაიარა. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ რეგიონში კომერციული მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგენას იწყებს.

ომანის ყურისკენ მიმავალ კონვოის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი „Hafeet“ მიუძღოდა. მის შემადგენლობაში ასევე შედიოდა თხევადი ნავთობის გაზისა (LPG) და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) გადამზიდი სამი ტანკერი და ერთი კონტეინერმზიდი.

აღნიშნული მარშრუტის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) განაცხადა, რომ მათმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო კატარღები განათავსეს „ომანის მარშრუტის“ დასაბლოკად და გემებს რადიოსიგნალებით აფრთხილებდნენ. თეირანი აცხადებს, რომ სრუტის გადასაკვეთად გემებს მათი ნებართვა სჭირდებათ და მხოლოდ მათ მიერ დადგენილი გზებით უნდა გადაადგილდნენ. მიუხედავად ამისა, გემების მზარდი რაოდენობა ომანის სანაპიროსთან არსებულ დერეფანს იყენებს, რაც ამ წყალგამყოფზე ირანის გავლენას ასუსტებს.

პარალელურად, კვირას, საპირისპირო მიმართულებით სრუტე რამდენიმე გემმა, მათ შორის ჩინეთის მფლობელობაში არსებულმა მშრალი ტვირთის გადამზიდმა და ქიმიკატების ტანკერმა გადაკვეთა — მათ ირანის სანაპიროსთან უფრო ახლოს მდებარე მარშრუტი გამოიყენეს.

შაბათს რამდენიმე გემმა სცადა ომანის დერეფნით სრუტის გადაკვეთა, თუმცა მკვეთრი შემობრუნება მოუწიათ. საზღვაო ანალიტიკური კომპანია Windward-ის განცხადებით, ეს უკანდახევა ამ ტერიტორიაზე IRGC-ის საპატრულო კატარღების აქტივობას დაემთხვა. თუმცა, იმ რვა გემიდან, რომლებმაც გზა შეიცვალეს, ოთხმა სრუტის გადაკვეთა მოგვიანებით მაინც შეძლო.

banner
წინა სტატიაშირატომ მიენიჭა მოჯთაბა ხამენეის “აიათოლას” წოდება
შემდეგი სტატიაადვოკატი ნათია კორკოტაძე: ელისო კილაძის წინააღმდეგ ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს