H&M-ის მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნება

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 19:44

H&M-ის მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, H&M-ის მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნება. H&M-ის მაღაზიის გახსნა 2017 წელს არის დაგეგმილი.

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზას“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება.

„გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.

H&M „გალერია თბილისისთვის“ პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. იმისთვის, რომ „გალერია თბილისი“ ყველაზე მიმზიდველ სავაჭრო ცენტრად იქცეს ქართველი მომხარებლებისთვის, ფონდი კომპანია „თბილისი პლაზას“ გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს სხვა ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით „გალერია თბილისის“ პროექტი, გასული წლის მსგავსად 2016 წელსაც იქნება წარმოდგენილი ქ. კანში, უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016”.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით: „გვეამაყება, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა და 2017 წლისთვის დედაქალაქს „გალერია თბილისის“ სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება. ეს იქნება ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი, რომელიც ვიზიტორებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. მოხარული ვართ, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას H&M-თან. „გალერია თბილისი“ ქართველ მომხმარებლებს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს.“

„გალერია თბილისის“ შესახებ:
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა ჰოლანდიური კომპანიისგან „Doryphore Investment B.V. ფონდის ჩართულობით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა.

„გალერია თბილისის“ პროექტი მიზნად ისახავს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშნებლობას თბილისის მთავარ გამზირზე, რუსთაველის N2-4-ში. ეს იქნება დედაქალაქში საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე სავაჭრო ცენტრი, რომელიც მის ირგვლივ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნეს დაწესებულებების სიმრავლის გათვალისწინებით, ადგილობრივი მაცხოვრებლების და ტურისტული მიზიდულობის ახალ ცენტრად იქცევა. ხელსაყრელი ლოკაციის გათვალისწინებით, სავაჭრო ცენტრში მოხვედრა დედაქალაქის მილიონამდე მაცხოვრებლისთვის სხვადასხვა ტრანსპორტის საშუალებით 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

„გალერია თბილისის“ არქიტექტურული დიზაინი ცნობილ ებრაულ კომპანიას, “Moshe Tzur Architects” ეკუთვნის, რომელსაც ევროპის დედაქალაქებში მრავალი წარმატებული არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული. „გალერია თბილისის“ პროექტი უნიკალურია იმითაც რომ მის შენობაში ინტეგრირებული იქნება „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს. ამასთან, შენობაში ასევე სრულად იქნება ინტეგრირებული თავისუფლების მოედნის მეტროსადგური. „გალერია თბილისი“ თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვით და იერსახით დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნაობა გახდება.

„გალერია თბილისის“ ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. „გალერია თბილისი“ ვიზიტორებს მრავალფეროვანი შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საინტერესო ნაზავი. საკვები ზონა მოეწყობა სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, ვერანდა. ეს იქნება პროექტის ერთ-ერთი უნიკალური კომპონენტი. ვერანდაზე „გალერია თბილისის“ ვიზიტორებს განტვირთვის და თბილისის ლამაზი ხედებით ტკბობის შესანიშნავი საშუალება მიეცემათ. შენობის სამხრეთ ნაწილში კი განთავსდება 300 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც საგრძნობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას”,-ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გალერია თბილისში“ ქართველ მომხმარებლებს შეეძლებათ გართობა, წარმატებული შოპინგი და დროის სასიამოვნოდ გატარება. სავაჭრო ცენტრი პირველ ვიზიტორებს 2017 წლის სექტემბერში უმასპინძლებს.

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 19:44

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics