,,ჰიმნის თითოეული ნოტი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, იყო ათიათასობით ჩვენი მოქალაქის აღტაცებული გულისცემა”

ჰიმნის თითოეული ნოტი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, იყო ათიათასობით ჩვენი მოქალაქის აღტაცებული გულისცემა და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიოდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას ქართველ ოლიმპიელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მიხარია, რომ დღეს ყველას აქ გხედავთ. დიდი ბედნიერება და სიხარული მოუტანეთ სრულიად საქართველოს. მინდა, მადლობა გითხრათ ამისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მონაწილეს, მწვრთნელს, ექიმებს, თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც გგულშემატკივრობდათ და გაძლიერებდათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პარაოლიმპიელებს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის. მარგველაშვილის თქმით, საქართველოს გუნდი მართლაც გამორჩეული იყო, მათ შორის, დედა-შვილის მონაწილეობით და იმედოვნებს, რომ ქართველი ოლიმპიელები მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ოლიმპიელები სასახლეში მიიღეს. გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ლაშა ტალახაძეს, ვარლამ ლიპარტელიანს, ლაშა შავდათუაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს, ირაკლი თურმანიძეს და გენო პეტრიაშვილს „რიო 2016“-ის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისთვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვრილისთვის ღირსების ორდენები გადასცა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა იტალიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია : გამოძიების დასრულებამდე კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის