ჰეშთეგით „#ნუ გვეტენებით“ – დაუშვილი კოალიციურ გაერთიანებაზე გვარამიას განცხადებებს ეხმაურება

„ნაცმოძრაობასთან”, მათ შორის, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ პარტია “საქართველოს” არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პარტიას სამომავლოდ, კოალიციურ გაერთიანებებში განიხილავენ.

როგორც დაუშვილი ამბობს, მათი პარტიის დაზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის და სწორედ ამას ემსახურება კოალიციურ გაერთიანებაში მათი შესვლის საკითხის დაყენება.

„არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ. გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის
დამოუკიდებლად. ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და ჩვენი დაზიანების მცდელობაა,

„ნაცმოძრაობასთან” (მათ შორის ნიკა გვარამია და ნიკა მელია) არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენს შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსა და მომავალთან მიმართებით.

ეს კამპანია გუშინ წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ.

ყველას, ვინც ამ ტყუილით და მავნე სპეკულაციებითაა დაკავებული, ვურჩევთ საკუთარ პარტიებს და პოლიტიკურ ცხოვრებას მიხედონ. #ნუგვეტენებით“, – აცხადებს დაუშვილი.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაში გახარიას გუნდსაც მოიაზრებს.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: 2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ფული მოიპარა ჯარიმებით ივანიშვილის პარტიამ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს