ჰერმან საბო – კობახიძის შეფასება ემთხვევა პატრიარქის განცხადებას, რომ შეიძლება შერიგების გასაღები იყოს ისეთ გულწრფელ მოქმედებაში, როგორიც მონანიებაა

კობახიძის შეფასება ემთხვევა პატრიარქის განცხადებასაც, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და შეიძლება შერიგების გასაღები იყოს ისეთ გულწრფელ მოქმედებაში, როგორიც მონანიებაა,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შერიგებაზე სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ შეფასებას.

მისი თქმით, როცა ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლით არის დაკავებული, შერიგება რთულად წარმოუდგენია.

„რთული პროცესია, ეროვნული შერიგება ადვილი რომ იყოს, აქამდე მოვახერხებდით არაერთხელ, მაგრამ იმის გამო, რომ ორივე დიდი პოლიტიკური მხარე მეორე მხარის ზიზღით და შურით საზრდოობს, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებთ შერიგების ამბავს. თუ ვინმეს ეს სერიოზულად უნდა, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდით მასთან, ვახო მეგრელიშვილმა სურვილიც კი გამოთქვა მას მერე, რაც სააკაშვილმა თქვა, რომ შერიგება უნდა, შეხვედროდა მას და გაერკვია მეტი დეტალი, რადგან მხოლოდ სიტყვების თქმა არაფერს ნიშნავს. შერიგება პოლიტიკური ლიდერების გარდა, ადამიანების დონეზეც უნდა მოხდეს. არ ვიცი, რა პროცესებმა შეიძლება აქამდე მიგვიყვანოს, ალბათ, ან იმან, რომ ადამიანები დაიღალონ ამ დაპირისპირებით ან ის თაობა წამოვიდეს, რომელთაც ერთმანეთის სისხლი არ დაუღვრიათ და სერიოზული პრობლემები არ ჰქონიათ. ჯერჯერობით შერიგების მზაობას ვერც ერთი მხრიდან ვხედავ, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილმა ეს გააჟღერა. როგორ შეიძლება ახლა შერიგებაზე ვილაპარაკოთ, როცა ორივე მხარე ტალახის სროლით არის დაკავებული. კარგია, რომ საუბარი მაინც დაიწყეს და მარტო „გირჩი“ არ არის, ვინც ამაზე საუბრობს და შემდეგ ხან “ქოცებს” ეძახიან, ხან ნაცებს ამის გამო, თუმცა, პროცესი ძალიან რთულია. ჩვენ შერიგებაზე ვსაუბრობთ მას მერე, რაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვიყავით ერთი წლის წინ და ამის გამო გაგვრიყა ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესიდან. რაც შეეხება კობახიძის შეფასებას, ეს რაღაცნაირად ემთხვევა პატრიარქის განცხადებასაც, რომელიც საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და შეიძლება შერიგების გასაღების საფუძველი იყოს ისეთ გულწრფელ მოქმედებაში, როგორიც მონანიებაა, როცა ადამიანები მართლა დაიჯერებენ, რომ ადამიანი ნანობს თავის საქციელს, ოღონდ ამას ისეთი ფორმა და კონკრეტიკა სჭირდება, რაც ჯერ არ გვინახავს სააკაშვილისგან,“ – განაცხადა ჰერმან საბომ.

წინა სტატიაშიჩხაიძე – დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება
შემდეგი სტატიაადვოკატი – პენიტენციურმა სამსახურმა უკან მას შემდეგ დაიხია, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა მძაფრი პროტესტი