ჰერჩინსკი:საქართველო აღარ არის დაინტერესებული ევროინტეგრაციის გაგრძელებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, ეს იყო შოკის მომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ესმის ხალხის ბრაზი და სასოწარკვეთა. მისივე თქმით, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან.

„პირველ რიგში, მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს – ევროკავშირი თქვენთან დგას. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი ბრაზი, სასოწარკვეთა. გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის იყო ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილი. ეს ასევე იყო ყველა ქართული მთავრობის, მათ შორის, ბოლო ქართული მთავრობის გამოხატული სურვილი. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, რომ ეს იყო შოკის მომგვრელი. მესმის, რომ დემონსტრაციები არ იყო ორგანიზებული. ისინი არ იყო დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მრავალ ქალაქში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.

ჩვენ აქ ვართ, მზად ვართ. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირის წევრობისკენ სვლაში. ნება მომეცით, გავიმეორო ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები, რომელიც მან ორი წლის წინ თქვა: „საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ევროპული ოჯახი არ იქნება სრული, საქართველოს გარეშე“. ჩვენი მხრიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, წინ წავიდეთ და მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, იმ პირობით, რომ საქართველოში საჭირო რეფორმები განხორციელდება. სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში ეს რეფორმები არ გაგრძელებულა. პირიქით, იყო ბევრი უარყოფითი მოვლენა, რამაც საქართველო უფრო დააშორა. ახლა, გუშინ ვნახეთ განცხადება, რომ საქართველო აღარ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებით, რაც, ევროკავშირის თვალსაზრისით, უკიდურესად იმედგამაცრუებელი და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება.

„არ მინდა რამე შედარების გაკეთება. საქართველო არის საქართველო, უკრაინა არის უკრაინა. ისინი არიან ორი განსხვავებული ქვეყანა, ორი განსხვავებული ხალხი. ჩვენ გავუღეთ ჩვენი, ევროკავშირის კარი უკრაინას, მოლდოვას. გავუღეთ კარი საქართველოს. უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ წინ. როგორც გუშინ გავიგეთ, საქართველო აღარ არის დაინტერესებული ევროინტეგრაციის გაგრძელებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება. ეს უკიდურესად იმედგამაცრუებელია, უკიდურესად სამწუხაროა ევროკავშირის თვალსაზრისით. ჩემი გზავნილია – ჩვენ აქ ვართ თქვენთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ჩვენ დაგელოდებით. ეს თქვენი ქვეყანაა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ, რომ იყოთ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიკავკასიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი: გუშინ მომხდარი ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას