მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კომენტარის შესახებ.
„მე არ გავაკეთებ კომენტარს ამ ან სხვა პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ, ის, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს მთავრობა ჩვენი მთავარი თანამოსაუბრეა. ჩვენ საქართველოს ყველა წინა მთავრობასთან ვმუშაობდით, ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან. ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს“, – აღნიშნა დიპლომატმა.