საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი დიალოგს სრულად უჭერს მხარს, თუმცა მმართველმა პარტიამ ამ პროცესს შინაარსი გამოაცალა.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირის ფუნდამენტი სწორედ მოლაპარაკებები და კომპრომისებია, თუმცა საქართველოში განვითარებული მოვლენები რეალურ დიალოგს ხელს უშლის.
ჰერჩინსკის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგს შინაარსი გამოაცალა დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ოპოზიციის აკრძალვის მუქარითა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ყოველდღიური კამპანიით.
„ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები ‘დიფ სთეითის’ განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ‘გლობალური ომის პარტიის’ შესახებ დიალოგში ჩავერთვებით ან ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ?“ — აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, პროცესის დასარეგულირებლად პირველი აუცილებელი ნაბიჯი ანტიევროპული დეზინფორმაციული კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა.

















