ერთ-ერთი შესაძლო ზომა არის სანქციები, მაგრამ ამ დროისთვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს, ერთსულოვნებაც კი არ არის საქართველოში ვინმეს მიმართ რაიმე შემაკავებელი ზომების შემოღებაზე, – ამის შესახებ საქართველოსი ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოში ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.
„შეუსაბამობაა რასაც გვეუბნებიან და რაც კეთდება საქართველოში. ერთი მხრივ, არის ბევრი საუბარი იმაზე, რომ საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე მხრივ, არის მიღებული კანონები, რომლებიც წინააღმდეგობრივია, რომლებიც შეუთავსებელია იმასთან, რასაც ევროკავშირი იცავს. სწორედ ამიტომ თქვეს ევროპელმა ლიდერებმა, რომ მათ არ ესმით საქართველოს ხელისუფლების ჭეშმარიტი პოზიცია და მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას იმის ასახსნელად, რა არის მათი ნამდვილი განზრახვა. ამავდროულად, მათ გადაწყვიტეს, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, შეზღუდონ მთავრობის პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა და მეტი ყურადღება გაამახვილონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე. როგორც უკვე გითხარით, პირველი სამწუხარო მსხვერპლი არის ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. ევროპის სამშვიდობო ფონდის 30 მილიონიანი დახმარება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასახმარებლად იყო დაგეგმილი, შეჩერებულია. არის სხვა შესაძლო ზომები, რომლებიც მოვამზადეთ. ყურადღებით დავაკვირდებით ვითარებას. ერთ-ერთი შესაძლო ზომა არის სანქციები, მაგრამ ამ დროისთვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს და ერთსულოვნებაც კი არ არის საქართველოში ვინმეს მიმართ რაიმე შემაკავებელი ზომების შემოღებაზე. ასეთი შესაძლებლობა არსებობს მომავალში, მაგრამ ამ დროისთვის ასე არ არის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან, როგორც ჰერჩისნკიმ აღნიშნა, საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ.
„ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი მომავალი მთავრობა და საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ აქ ვართ საქართველოსთვის და ქართველებისთვის. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და თუ მომავალი მთავრობა დაინტერესებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, მზად ვართ, ყველანაირად დავეხმაროთ, მაგრამ ქართველებმა უნდა აირჩიონ ახალი მთავრობა და ახალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი მიმართულება საგარეო პოლიტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალი მთავრობა არ იქნება დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოსთან და გვექნება ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა ისე, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის მომავალი წევრი. ასე ვმუშაობთ მეზობელ ბევრ სხვა ქვეყანასთან, ტუნისთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან. ასე რომ, 26 ოქტომბერს საქართველოს და ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა – სურთ იყვნენ მომავალი დიდი გაფართოების ნაწილი თუ სხვა გეგმები აქვთ თავიანთი ლამაზი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.