ჰერჩინსკი – ეკონომიკის კუთხით, საქართველოს აქვს წარმატების ისტორია, რითაც ვამაყობთ

ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს აქვს წარმატების ისტორია, რითაც ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩისნკის თქმით, ევროკავშირი ევროპის საინვესტიციო ბანკის საშუალებით ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს საქართველოში.

ამასთან, ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას რაც უფრო მიუახლოვდება, ქვეყანაში ბიზნესგარემო მხოლოდ გაუმჯობესდება.

„საუბარი როდესაც არის ეკონომიკურ განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს აქვს წარმატების ისტორია ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდით, რითაც ნამდვილად ვამაყობთ და ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს ამით. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს დახმარებას. ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკის საშუალებით ვაფინანსებთ ბევრ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს. გვაქვს ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა. ჩვენ ვსაუბრობთ ორი მილიარდი ევროს მობილიზებაზე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებისთვის, რათა დავეხმაროთ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ, პირველ რიგში, დაკავშირებადობის გაუმჯობესებაში. ჩვენ ვმუშაობთ საბორნე კავშირებზე შავ ზღვაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესებაზე, ვეხმარებით მცირე და საშუალო საწარმოებს. საქართველოში საწარმოების 99.7 პროცენტი მცირე და საშუალო საწარმოებია. ვმუშაობთ უნარების გაუმჯობესებაზე, განათლებაზე. ეს ყველაფერი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყოველწლიურად 100 მილიონ ევროს ვხარჯავთ სხვადასხვა პროექტზე, ეს მოიცავს საბიუჯეტო დახმარებას, ასევე პროექტების განმახორციელებელი პარტნიორების დახმარებას. ამით ვცდილობთ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ქართული ბიზნესის ევროპულ ბიზნესთან დაახლოებას. წარმატებული ქართული ბიზნესის ბევრი მაგალითი გვაქვს. ბევრი მათგანი ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრია და სარგებელს იღებს ღრმა, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, კანდიდატის სტატუსით. ვიმედოვნებ, საქართველო ევროკავშირის წევრობას რაც უფრო მიუახლოვდება, ბიზნეს გარემო მხოლოდ გაუმჯობესდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – მნიშვნელოვანია, ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს მთავრობის ინკლუზიურობას, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას
შემდეგი სტატიადაიბრუნეთ თანხის 30% SOLO Visa ბარათით გადახდისას – შეთავაზება 50-ზე მეტ მაღაზიაში