ჰერჩინსკი – ჩემი და ევროკავშირის 27 ელჩის გზავნილია, რომ ცოტა დრო რჩება, არ დაკარგოთ დრო

შარშან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერმა მოგცეს გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა, – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის აქტიური კომუნიკაცია არსებობს.

„გასულ წელს, დეკემბრის შუა რიცხვებში იყო ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, ვიდექი სცენაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად და ვზეიმობდით ისტორიულ მომენტს საქართველოსთვის, ფორმალურად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერმა მოგცეს გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა. თუ შეხედავთ ამ ცხრა ნაბიჯს, ის მხოლოდ ერთგვერდიანია. ყველა პუნქტი თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს იყო სადღაც ხუთი თვის წინ, მუშაობა მიმდინარეობს, მუდმივ კონტაქტზე ვართ საქართველოს მთავრობასთან. არის ვიზიტები, საქართველოს დელეგაციები დადიან ბრიუსელში, ბრიუსელიდან ჩამოდიან საქართველოში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის 27 ელჩი გვსტუმრობს და სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს უნდა შეასრულოს ცხრა ნაბიჯი, რომ ევროკავშირისკენ გზაზე წინ წავიდეს.

„ჩემი და ევროკავშირის 27 ელჩისგან გზავნილი არის, რომ ცოტა დრო რჩება. არ დაკარგოთ დრო. საქართველოსთვის ყველა ინგრედიენტი არსებობს, რომ მიაღწიოს პროგრესს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ, ცხრავე რეკომენდაცია უნდა შესრულდეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ფაქტობრივად უკვე დავიწყეთ ახალი გაფართოების შესახებ მოხსენების წარდგენა. იგივე პროცესს გავდივართ, რაც შარშან გავიარეთ. კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვესაუბრებით ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკომისია გაფართოების შესახებ მოხსენებას, რეკომენდაციებთან ერთად გამოაქვეყნებს ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და რამდენად გადამწყვეტად შესრულდება ცხრა ნაბიჯი საქართველოში. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება დაჩქარება და ძალიან დიდი პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯთან მიმართებაში, ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციების გაცემა და ამ წლის დეკემბერში წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ დათანხმება, გაიხსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოსთან. ჩვენ ყველას შეგვეძლება, ვიზეიმოთ ამ წლის დეკემბერშიც ისე, როგორც ეს გავაკეთეთ გასული წლის დეკემბერში“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი – დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ
შემდეგი სტატიავოლსკი – იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე ანგარიში უნდა წარადგინონ, საკმაოდ ლოიალურია, განსხვავებით იმისგან, რაც აქვს დასავლეთსა და რუსეთს